ახალი ამბები

სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხი” და “TV პირველი” არ შეუშვეს

22 ნოემბერი, 2021 • 3135
სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხი” და “TV პირველი” არ შეუშვეს

კულტურის სამინისტროში, სადაც თეა წულუკიანის ბრიფინგი გაიმართა, “მთავარი არხის” და “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს. სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია “ნეტგაზეთსაც”.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნათია ქოქოსაძე აცხადებს, ღონისძიების შესახებ საკუთარი წყაროებით შეიტყვეს, სამინისტროში კი მივიდნენ დაწყებამდე 30 წუთით ადრე. მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე არ დაუშვეს და კონკრეტული მიზეზიც არ დაუსახელეს. თუმცა ღონისძიებაზე დასწრების უფლება მისცეს რამდენიმე მედიას, მათ შორის, “იმედს”, “რუსთავი 2-ს”, საზოგადოებრივ მაუწყებელს და “პოსტ TV-ს”.

ჟურნალისტის თქმით, სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომელმა არ უპასუხა მათ ზარებს, სამინისტროს მიმღებში მყოფმა თანამშრომელმა კი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთხრა, რომ ბრიფინგი უკვე დაწყებული იყო.

კადრი “მთავარი არხის” სიუჟეტიდან. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ამ არხების ნაწილი დაუშვეს პრესკონფერენციაზე.

ღონისძიებაზე არ დაუშვეს არც “TV პირველის” გადამღები ჯგუფიც. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ ისაუბრა:

“კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, ისევ ჰგონია, რომ კულტურის სამინისტრო მისი საკარმიდამო ნაკვეთია. არა… ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ჟურნალისტებისთვის ღონისძიებაზე დაშვება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დღეს მან კრიტიკული მედიის წარმომადგენლები გამოყარა პრესკონფერენციიდან, რომელიც ღია ღონისძიება იყო, და მხოლოდ სამთავრობო მედია დაუშვა.

გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სამინისტროებში ღონისძიებებზე ჟურნალისტების არდაშვების გადაწყვეტილება მიღებული იყო 13 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, ნინო გიორგობიანთან გამართულ თათბირზე. თუ ასე არ იყო, გამოვიდეს მთავრობის ადმინისტრაცია და განმარტოს, რას უკავშირებს და როგორ აფასებს მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მიერ ჟურნალისტების ქუჩაში გამოყრას და პრესკონფერენციაზე არდაშვებას”, — განაცხადა მელაძემ “TV პირველთან”.

მისი თქმით, ტელეკომპანია სახალხო დამცველს მიმართავს და რეაგირებას სთხოვს, რადგან მისი შეფასებით, ეს იყო ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

“ნეტგაზეთი” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა მიზეზის გასარკვევად, თუ რატომ არ დაუშვეს “მთავარი არხისა” და “ტელეკომპანია პირველის” გადამღები ჯგუფი კულტურის სამინისტროს ღონისძიებაზე, ასევე, რატომ არ გაავრცელა სამინისტრომ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ წინასწარ. უწყების პრესსამსახურის თანამშრომელმა რუსუდან უშიკიშვილმა, რომელსაც მედიასთან კომუნიკაცია ევალება, არ უპასუხა ნეტგაზეთის არაერთ სატელეფონო ზარსა დ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.