სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის 60 %-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს სამოქალაქო სარჩელით. როგორც მათი ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, სარჩელში ხალვაშის წინააღმდეგ მისსავე არგუმენტებს გამოიყენებენ.
კერძოდ, იურისტის განმარტებით, დაეყრდნობიან უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია ხალვაშს მიაკუთვნა:
“ჩვენი მთავარი არგუმენტები არის ის არგუმენტები, რომლებიც ქიბარ ხალვაშმა გამოიყენა თვისი სამოქალაქო სარჩელის დროს და რომლებზე დაყრდნობითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება [ხალვაშის სასარგებლოდ]. როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გდადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მისსავე წინააღმდეგ”, – ამბობს კოჟორიძე.
იურისტის თქმით, სარჩელში გამოყენებულია თავად ხალვაშის ჩვენებაც, რომელიც 2014 წელს გმოძიებას მისცა. კოჟორიძის განმარტებით, როგორც ჩვენებაში ხალვაში აღნიშნავს, იმის შესახებ, რომ რუსთავი 2 იყიდებოდა, გაიგო ირაკლი ოქრუაშვილისგან, შემდეგ შეხვდა ოქრუაშვილს, ადეიშვილს და მერაბიშვილს ერთად, რომლებმაც უთხრეს, “რუსთავი 2” 7 მილიონად იყიდებაო.
კოჟორიძის თქმით, ამის შემდეგ ჩვენებაში ხალვაში იხსენებს, რომ 7 მილიონიდან მილიონ ორასი ათასი პირადად გადასცა ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო 4 მილიონი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა ივანე მერაბიშვილის:
“ალბათ, გაგიჩნდებათ შეკითხვა, რომ როდესაც ერთი კერძო პირი ყიდის და მეორე ყიდულობს ქონებას, რატომ უნდა ღებულობდნენ ნასყიდობის საფასურს, მილიონობით დოლარს, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები?! ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ”, – ამბობს იურისტი.
ამასთან, საქმეში დართულია პროკურატურის მიერ აქიმიძე-დვალის დაზარალებულად ცნობის ფაქტი, რომელშიც მითითებულია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან იძულებას.
გარდა ამისა, კახა კოჟორიძე საქმეში არსებულ სხვა გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ხალვაში საკუთარ სარჩელში აცხადებდა, რომ ფაქტი იმის შესახებ, მის მიმართ იძულება განხორციელდა, საყოველთაოდ ცნობილია და ამაში უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა:
“ჩვენ ამ თანხმობას ვიღებთ და გადმოგვაქვს ჩვენს სარჩელში და ვამბობთ, რომ თუ არგუმენტია ის, რომ ყველამ იცის, რომ ქიბარ ხალვაშს წაართვეს, მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ წაართვეს რუსთავი 2- ის დამფუძნებლებს” ,- ამბობს ადვოკატი.
ამასთან, კოჟორიძის განმარტებით, ახალ სარჩელში ხალვაშის არგუმენტაციას საქმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც გამოიყენებენ. კერძოდ, როგორც იურისტი განმარტავს, ხალვაში ამბობს და უზენაესმაც გაიზიარა, რომ ამ საკითხზე ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული იმიტომ, რომ იძულება ხორციელდებოდა ქიბარ ხალვაშზე მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე:
“იძულება თუ იყო განგრძობადი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო ხელისუფლებაში და ეს არგუმენტი არის ვალიდური, ესეც არის ჩვენი სასარგებლო არგუმენტი. მეორე არგუმენტი, რასაც ხანდაზმულობასთან მიმართებით ქიბარ ხალვაში ამბობს და დიდი პალატაც ეთანხმება, არის ის, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდა პროკურატურაში საჩივრის შეტანისას, ანალოგიურად ჯარჯის და დავითს აქვთ პროკურატურაში საჩივარი შეტანილი [2012 წელს]” ,- ამბობს კოჟორიძე.
მისივე თქმით, ამის გარდა საქმეში კიდევ მრავალი არგუმენტია და მოსამართლეს, რომელიც საქმეს განიხილავს, ორი არჩევანი ექნება – ან დააკმაყოფილოს დვალისა და აქიმიძის სარჩელი, ან უარყოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით.
არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან