ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

16 მაისი, 2022 • 1293
ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება და ტელეკომპანიის მიმართ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებას ითხოვს. მისი თქმით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

ქიბარ ხალვაშის აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ხალვაშის თქმით, სასამართლოს დღევანდელი განაჩენით დადასტურდა, რომ “ინტერმედიასთან” გარიგებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიას “განზრახ 6.7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა”. ხალვაშის თქმით, აღნიშნული ზიანი “რუსთავი 2”-ს ახლაც “მძიმე ტვირთად აწევს”.

“რუსთავი 2-სთვის” ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, “რუსთავი 2″ კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში”, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი