ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი
აფრესიანოვების ოჯახს ყარაბაღის 2020 წლის 44 დღიანი ომის მიმდინარეობისას სოფელ თალიშიდან ერევანში სხვა დევნილებთან ერთად ჩასვლა მოუწია და საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა.
ომამდე ოჯახის წევრები მასწავლებლებად და ექიმებად მუშაობდნენ, დღეს გამოუვალი მდგომარეობისა და ფინანსური პრობლემების გამო თავს პურის ცხობით ირჩენენ. პური, რომელსაც ისინი აცხობენ, განსაკუთრებულია – სომხეთში ასეთ პურს “ჟენგიალოვ ჰაც”-ს უწოდებენ.
სოფელი თალიში, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება, აზერბაიჯანმა ომის პირველი დღეს “აიღო”.
ბაგიმ აფრესიანოვი გვიყვება, რომ სოფლის დაბომბვა დილით ადრე დაიწყო, მას არ ეძინა იმ დროს და სხვების გაღვიძებმაც მოასწრო.
“სოფლის დაბომბვა 7:10 საათზე დაიწყო, 15:00 საათზე აზერბაიჯანელები უკვე შემოსული იყვნენ და აკონტროლებნენ სოფელს. ამინდი კარგი იყო და ამიტომ არაფერი გვიშლიდა ხელს, სროლების ხმა გაგვეგო. იმის გამო, რომ მოსაზღვრე სოფელია, ადრეც იყო ხოლმე მსგავსი ინციდენტები, თუმცა, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, აღარ დაგვეკარგა დრო დამალვაში და სწრაფად გავქცეულიყავით. მანქანით გავიდიოთ სოფლიდან, როდესაც ჭურვები ეცემოდა ყველაფერს, საბედნიეროდ, ცოცხლები გადავრჩით”, – ამბობს ქალი.
ბაგიმი ქალაქ აბოვიანში ორი შვილთან ერთად ჩავიდა. როდესაც მისი ქმარი ომიდან დაბრუნდა, ოჯახი ერევანში გადასახლდა.
ომიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ოჯახმა საკუთარი კომპანია “თალიშის არომატი” დააფუძნა, სადაც ამჟამად “არწახულ” [ყარაბაღული] ფუნთუშეულს აცხობენ 12 სახეობის მწვანილით.
ქალი გვიყვება, რომ ერევანში მათი პური უკვე ძალიან ცნობილია და ყოველდღიურად ბევრ შეკვეთას იღებენ.
იმის გამო, რომ დევნილი ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებლით არ არის უზრუნველყოფილი, მათ ბინის დაქირავება საკუთარი ხარჯით უწევთ.
ბინაში, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ყოველთვიურად, კომუნალური გადასახადების გარდა, 150 000 სომხურ დრამს [დაახლოებით, 315 აშშ დოლარი] იხდიან.
ერთადერთი დახმარება, რომელიც ოჯახმა დევნილობისას მიიღო, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი დახმარება და ორგანიზაცია “წითელი ჯვრისგან” ჰიგიენის საგნები იყო.
“რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს? მე ვერაფერს მოვთხოვ მას. ჩვენც ვმუშაობთ და საკუთარი თავის რჩენა შეგვიძლია”.
აფრესიანოვების ოჯახს, ისევე როგორც სხვა ოჯახებს სახელმწიფო სთავაზობს სახლებს ყარაბაღის სხვა სოფლებში, თუმცა, ოჯახი დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან “შვილები უკვე ერევანში სწვლობენ, ერთი სკოლაში, მეორე – კოლეჯში. ამასთან, ყარაბაღში მათი “უსაფრთხოების გარანტია” კვლავ არ არსებობს”.
“თალიშში დაბრუნების იმედი არ გვაქვს, შეიძლება ასეთი რამ 30-35 წლის შემდეგ მოხდეს. ახლა იქ უკვე აზერბაიჯანელები დაფუძდნენ. როგორც ვიცი, ჩვენს სახლში ახლა აზერბაიჯანული სამხედრო პოლიციის ხალხი ცხოვრობს. YouTube-ზე ვუყურებ ხოლმე აზერბაიჯანულ არხებს იმისთვის, რომ გავიგო, რას აკეთებენ ჩვენს სოფელში. ზუსტად ასეთი ვიდეოებიდან გავიგე, რომ ჩვენს ქუჩაზე ასფალტი დაუგიათ, ხეები დაურგავთ”.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წელს ყარაბაღის 44- დღიანი ომის შედეგად, 40 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა.
დევნილების ნაწილი ამჟამად სომხეთში, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობს, ნაწილი – ქირით. სომხეთის ხელისუფლება დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას ჰპირდება.
44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს. თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი.