ახალი ამბები

საკრებულოს თავმჯდომარე რუსთავშიც ვერ აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 • 1195
საკრებულოს თავმჯდომარე რუსთავშიც ვერ აირჩიეს

საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად რუსთავშიც ვერ აირჩიეს.

არსებული რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა სრული შემადგენლობის 2/3, რაც რუსთავის შემთხვევაში, 22 მანდატია.

საკრებულოში 16-16 წევრი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ხოლო 3 წევრი- პარტიას „საქართველოსთვის“, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პარტიას დამოუკიდებლად საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა არ შეუძლია.

თავმჯდომარეობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ წარადგინეს, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მათ მხარი დაუჭირეს მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრებმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად გამართულ კენჭისყრამდე, სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს და განაცხადეს, რომ დაელოდებოდნენ მეორე ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატებს კონსულტაციებისთვის, რაზეც გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონსულტაციებს ორივე პარტიას ღიად სთავაზობდნენ.

კენჭისყრის გამართვის შემდეგ სხდომა პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმაც დატოვეს.

„სხდომაზე ქართულმა ოცნებამ და გახარიას გუნდმა დაასახელეს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. ჩვენ, იმის გამო, რომ არ გახლეჩილიყო ოპოზიციური ხმები, ვთქვით, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის.

თუ შეთანხმება მოხდებოდა მოსახლეობის დაპირებების შესრულებაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ჰქონდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, მაგრამ თუ მხოლოდ ფორმალური გადანაწილება უნდა მომხდარიყო, ვის რომელი თანამდებოდა უნდა დაეკავებინა, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებდით.

სამწუხაროდ, გახარიას პარტია არ გამოვიდა კონსულტაციებზე“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ალექსანდრე ბერიძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ ისინი მზად არიან ნებისმიერ ღია ფორმატში ჩაერთონ კონსულტაციებში.

პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებით, არც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ სურს დაბალანსებული მმართველობა.

„ორივე პარტიას უნდოდა ერთპიროვნული მმართველობა, ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. რუსთაველების ნება რომ ყოფილიყო დაბალანსებული მმართველობა, ეს მათთვის არაფერს ნიშნავს, რაც დღესაც გამოიხატა. მათ ვერ თქვეს უარი საკუთარ პარტიულ ინტერესებზე, რაც გამოიხატა ორივე პარტიის მოქმედებებში.

ორივე პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დაეყენებინათ საერთო კანდიდატი, რომელსაც ჩვენც დავუჭერდით მხარს, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის შემდეგ განვაცხადეთ, რომ ჩვენ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს დასაბალანსებლად, თუმცა მათი მხრიდან ისევ არ გამოიხატა დაბალანსების ნება. ორივეს უნდა საკუთარი ინტერესების გატარება. ამგვარი გადაწყვეტულება რუსთაველ ამომრჩეველს არ მიუღია“, – განუცხადა ნეტგაზეთს პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ნათია შელეგიამ.

მისი განცხადებით, სამომავლო კონსულტაციები აუცილებლად იქნება ღია და საჯარო.

დღეს, 3 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები იმართება.

ამ დროიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს. თუმცა მანამდე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციაზე ნაკლები მანდატები მიიღო, 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს. ოპოზიციის აზრით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით იყო განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი