ახალი ამბები

რუსთავის ბაზარში 4 პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს

10 თებერვალი, 2024 • 1519
რუსთავის ბაზარში 4 პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ოთხი პირის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტებზე დაკავებულ ძმებს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც  ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ძმები 9 თებერვალს დააკავეს. 1988 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 და 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის  მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

9 თებერვალს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლულებს შორის არის ძმების ბიძა, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზარში მუშაობდა. დაჭრილი კი ბრალდებული ძმების ბიძაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი