დიდ დიღომში, სადაც წლებია, მოსახლეობა სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვს, 3 დეკემბერს დაძაბულობა იყო. ადგილობრივების თანახმად, უკმაყოფილება მოჰყვა ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის გამოჩენას. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 4 მოქალაქე დააკავა.
საუბარია დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონზე, სადაც ფეხბურთის ფედერაცია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დახურული სტადიონის მშენებლობას გეგმავს. პარალელურად, მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები პარკთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, იგნორირებულია.
ფეისბუკგვერდი “დიდი დიღმის მწვანე სივრცის დასაცავად” წერს, რომ ადგილზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ხსენებულ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სამშენებლო ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
შეხლა-შემოხლის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ტექნიკა ადგილზე, სადაც მოსახლეობა სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვს. ფოტო: Facebook/დიდი დიღმის მწვანე სივრცის დასაცავად
ადგილობრივი აქტივისტის, მარინა ვაშალომიძის თქმით, ეს ტერიტორიის შემოღობვის მესამე მცდელობა იყო, თუმცა სამივე შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტის შედეგად ფედერაციამ ტერიტორიის შემოღობვა ვერ შეძლო.
ამასთან, მისი განმარტებით, ნებართვა, რომლის საფუძველზეც ფედერაცია ტერიტორიის შემოღობვას აპირებდა, ვადაგასული იყო.
“მოვითხოვეთ პროცესის შეჩერება, მაგრამ [კომპანიამ] გვითხრა, რომ არაუშავდა ვადაგასულ ნებართვას, თქვენ გამო გაუვიდა ვადა ამ ნებართვას და ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ პროცესიო.
ამ დაძაბულობის ფონზე ჩვენთან ფედერაციის წარმომადგენელი მოვიდა და მოლაპარაკებების განახლება შემოგვთავაზა.
ჩვენ დავთანხმდით იმ პირობით, რომ მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებების მიმღები პირები ჩარეულიყვნენ მერიიდან ან მთავრობიდან, ვისაც შეუძლია ამ დაპირისპირებას დაუსვას წერტილი, რაზეც თანხმობა განაცხადა”, — განმარტა ვაშალომიძემ.
სამეზობლოს ბრძოლა პარკისთვის
დიღმის მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები უკვე არაერთი თვეა ითხოვენ, რომ სტადიონის ნაცვლად სარეკრეაციო სივრცე მოეწყოს. თუმცა, ჯერჯერობით – უშედეგოდ. საუბარია 10589 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც მიუხედავად მოქალაქეების მოთხოვნებისა – ფეხბურთის ფედერაციას მაინც გადაეცა.
„ბოლო პერიოდში ფედერაციასთან შეხვედრა არ გამართულა. ვფიქრობთ, რომ საჯარო სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და ამ გზით გადაიჭრას ჩვენ შორის წარმოშობილი დავა. გადაწყვეტილების მიმღები პირები მოსახლეობას უნდა შეხვდეს , მოუსმინოს და მათი აზრი გაითვალისწინოს.
მათ უნდა დაინახონ, რომ ამ ტერიტორიის საჯარო რეკრეაციულ სივრცედ დარჩენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – უთხრა ნეტგაზეთს წერილობით პასუხში სამეზობლოს წარმომადგენელმა.
ამ ეტაპზე სტადიონის პროექტი არქიტექტურის სამსახურმა ჯერ კიდევ ივლისში დაუხარვეზა და განუხილველი დატოვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შესწორებული პროექტის შეტანის შემთხვევაში, ფედერაციამ აქ სტადიონი სამომავლოდ არ ააგოს. სწორედ ამას შიშობს მოსახლეობაც.
დიდი დიღმის მოსახლეობისთვის თითოეულ სარეკრეაციო სივრცეს, ფაქტობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო წლებში აღნიშნულ უბანში ასეულობით ახალი მრავალსართულიანი სახლი აშენდა, მჭიდრო დასახლებაში კი სულ უფრო მცირდება რეკრეაციული ზონებისთვის, პარკებისა და სკვერებისთვის დათმობილი სივრცეები.
მე-2 მიკრორაიონში არსებული თავისუფალი ტერიტორიის ნაწილზე, რომელსაც მოსახლეობა დასასვენებლად იყენებდა, თბილისის მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. შედეგად, საერთო სარგებლობის სივრცე ისედაც შემცირდა. მოსახლეობის თქმით, ცენტრის აშენებას მუნიციპალიტეტისგან დაპირებაც მოჰყვა, რომ დარჩენილი სარეკრეაციო სივრცე მოწესრიგდებოდა, თუმცა, კეთილმოწყობის ნაცვლად, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, აქ ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გადაწყდა.
აქედან გამომდინარე, მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნებია:
- მოწესრიგდეს არსებული საზოგადოებრივი სივრცე და შეუნარჩუნდეს საზოგადოებას, ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის;
- სტადიონისთვის გამოიყოს ალტერნატიული, პროექტისთვის უფრო ხელსაყრელი ფართი დიდი დიღმის ტერიტორიაზე.