ახალი ამბები

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? — სააკაშვილის შეკითხვა სასამრთლოში

2 დეკემბერი, 2021 • 4115
სანდრას რატომ არ ასამართლებენ? — სააკაშვილის შეკითხვა სასამრთლოში

“ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია”, — აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს განიხილავენ. საქმეზე ექსპრეზიდენტია ბრალდებული.

სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის.

მან იკითხა, რატომ არ ფიგურირებს საქმეში სანდრა რულოვსი, შემდეგ კი სასამართლოს იმ ინვესტიციებისა და გრანტებს შესახებ შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში ყოფილი პირველი ლედის დამსახურებით შემოვიდა.

“სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია.

ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით… ციხის სისტემაში ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამ აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში.

სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის სანდრა შეტანილი?” — დასძინა მან.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.

პროკურატურის თანახმად, მაგალითად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სააკაშვილი პატიმრობაში

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. ფოტო: EPA

მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველად არ ეძლეოდა თავის სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალება. პენიტენციური სამსახური თავის ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და გადაყვანის პროცესში უსაფრთხოების რისკებით ხსნიდა.

ექსპრეზიდენტი თავის პროცესზე პირველად 29 ნოემბერს მიიყვანეს. დარბაზში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა თავისი პოზიციები გაახმიანა 7 ნოემბრის, შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების დროს დაშვებულ “შეცდომებზე” ისაუბრა, რომელთა შორისაც სასამართლო სისტემა გამოარჩია.

მისი თქმით, ენმ-ის დროს ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს შეეხო, მისი ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი