ახალი ამბები

ეს იყო ორგანიზებული არაადამიანური მოპყრობა — სააკაშვილი ციხის „შუმოკზე“

29 ნოემბერი, 2021 • 1381
ეს იყო ორგანიზებული არაადამიანური მოპყრობა — სააკაშვილი ციხის „შუმოკზე“

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე განხილვისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს, სადაც, მისი განცხადებით, არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

სააკაშვილის განცხადებით, რუსთავის ციხის უფროსმა მას განუცხადა, რომ გადაჰყავდათ მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა მისივე უსაფრთხოების გამო არ განუცხადეს, კონკრეტულად სად.

„ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანაში, მიმიყვანეს, როგორც ცნობილია, გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი, რადგან არ იყო სასწრაფო დახმარების მანქანის კარი გაღებული, როდესაც ატყდა „შუმოკი“ და ჩემი სახელის ძახილი. არავინ იცოდა, რომ იქ მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ ეს იყო გორის ჰოსპიტალი, მაგრამ ამათ რატომღაც იცოდნენ“, — განაცხადა სააკაშვილმა 29 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე.

მისი განცხადებით, როდესაც მან უარი განაცხადა გლდანის დაწესებულებაში გადასვლაზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან.

„როდესაც ვცადე დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს კიდურებში. იყო მოხრჩობის მცდელობა. გამაძვრეს ფეხსაცმელები და ტანსაცმელი. შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპითა და გინებით, დამაგდეს პალატაში, სადაც მცდელობა იყო, რომ ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ჩემი ანალიზები, რაზეც მქონდა შესაბამისი რეაქცია“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გლდანის დაწესებულებაში ყოფნისას მუდმივად ესმოდა მისი შეურაცხმყოფელი შეძახილები, რაც მისი განცხადებით, იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული.

„გამუდმებით, მთელი დღეების განმავლობაში მესმოდა ჩემი გინება, მუქარები და ეს იყო ორგანიზებული ციხის ადმინისტრაციის მიერ. საიდან ვიცი? – ძალიან მარტივად. ლომჯარია შემოვიდა მთლიანად გახვეული (დაფარული), ვერავინ იცნობდა, მაგრამ ისინი (პატიმრები) მთელი გზა აგინებდნენ. გვარამიას დაემართა იგივე. წინასწარ ადმინისტრაცია ეუბნებოდა, რომ ეს არის გვარამია, ლომჯარია, თუთბერიძე და ისინი აგინებდნენ. ეს იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება, რომლებსაც სასამართლოსთან შეკრებისკენ თავად სააკაშვილმა მოუწოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილი. ავტორი: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი