ახალი ამბები

სასამართლოსთან პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ინსპექტორი იძიებს

30 ნოემბერი, 2021 • 1217
სასამართლოსთან პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ინსპექტორი იძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, განცხადებით, უწყების საგამოძიებო დეპარტამენტი, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, იძიებს 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით:

„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

გუშინ, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილი პროცესის პარალელურად მისმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო გიგი უგულავაც. ყველა დაკავებულს, გარდა ბესიკ თამლიანისა, პოლიცია ადმინისტრაციულ დარღვევას ედავება. ბესიკ თამლიანის შემთხვევაში კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

მასალების გადაბეჭდვის წესი