ახალი ამბები

როგორ შევალთ მოლებში „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ

30 ნოემბერი, 2021 • 9337
როგორ შევალთ მოლებში „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ

1 დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეებს გარკვეული ტიპის დაწესებულებებში შესვლისათვის დასჭირდებათ.

ამ კუთხით საინტერესოა, რა პრაქტიკას გამოიყენებენ სავაჭრო ცენტრები, რადგან მოლებში მოქმედი დაწესებულებების (ტანსაცმლის მაღაზიები, სურსათის მაღაზიები და ა.შ.) ნაწილს “მწვანე პასპორტით” გათვალისწინებული შეზღუდვები არ ეხება, ხოლო ნაწილს (კინოთეატრები, კაფეები, გასართობი ცენტრები) ეხება.

„ნეტგაზეთი“ თბილისში მოქმედ სავაჭრო ცენტრებს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ როგორ მოხდებოდა კანონის აღსრულება. „გალერია თბილისში“, „სითი მოლსა“ და „თბილისი მოლში“ გვითხრეს, რომ ვინაიდან მთავრობის დადგენილება მხოლოდ კვებით და გასართობ ობიექტებს ეხება, მოქალაქეების კოვიდ სტატუსსაც შესაბამისი საკვები და გასართობი დაწესებულებები შეამოწმებენ, სავაჭრო ცენტრში შესვლას კი ყველა, განურჩევლად “მწვანე სტატუსისა’, დაუბრკოლებლად შეძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლში ყველა მოქალაქე შეძლებს შესვლას, ხოლო, მაგალითად, ამ მოლში მოქმედ კინოთეატრში- მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონენი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ობიექტებს შორის, რომელში შესვლაც მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელია არის სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები

რაც შეეხება მწვანე სტატუსით მოსარგებლე პირებს, კოვიდ პასპორტი მიენიჭებათ პირებს, რომლებიც არიან:

  • სრულად ვაქცინირებული (ან)
  • 72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
  • 24-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)
  • კოვიდ გადატანილი.

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე. მწვანე სტატუსს არ მოსთხოვენ 18 წლამდე ასაკის პირებს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი