ახალი ამბები

გამყრელიძე ბიზნესს „მწვანე პასპორტების“ გამოყენებისკენ მოუწოდებს

1 თებერვალი, 2022 • 3042
გამყრელიძე ბიზნესს „მწვანე პასპორტების“ გამოყენებისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საჯაროდ არ ამხელს, თავად ემხრობა თუ არა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას, თუმცა მთელი რიგი დაწესებულებისთვის მათი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.

დღეს, 1 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ე.წ. მწვანე კოვიდპასპორტები გაუქმდა —ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან სხვადასხვა ობიექტს აღარ ექნება ვალდებულება, შეამოწმოს პირის აცრისა თუ ტესტირების სტატუსი.

საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გამყრელიძე არ აზუსტებს, თავად რა პოზიცია ჰქონდა მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით. ის ამბობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, მწვანე პასპორტი დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე.

მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა. საბჭოს შიდა დისკუსიები არ გამომაქვს გარეთ.“

ის დასძენს, რომ საბჭოზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. კითხვაზე, ვისი იდეა იყო აღნიშნული პასპორტების გაუქმება, გამყრელიძე აცხადებს – „ჭორაობას ვერ დავიწყებ, ცოტა უფრო სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს“.

ჟურნალისტებმა NCDC-ის დირექტორს ასევე ჰკითხეს, წაახალისებს თუ არა „მწვანე პასპორტების“ გაუქმება ანტივაქსერებს, რაზეც გამყრელიძემ უპასუხა, რომ ვაქცინაცია, საბჭოს აზრით, კვლავ რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარი გზა.

„ამიტომ, „მწვანე პასპორტი“ იქნება თუ არა დაშვებული, ყველას მოვუწოდოთ, წავიდნენ და აიცრან. ჩემი რეკომენდაციაა, როგორც ერთი ექიმის: კი ბატონო, სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის. მათი გადასაწყვეტია. თუმცა მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს – დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ ცენტრში, თუ არ აჩვენებთ თქვენი აცრისა და ტესტირების სტატუსს. ანუ მწვანე პასპორტი იქ მუშაობს ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს“, – ამატებს ის.

გამყრელიძის თქმით, „მწვანე პასპორტის“ გარდა, ქვეყანაში ვაქცინაციის წასახალისებლად სხვა მექანიზმებიც არსებობს, მაგალითად, ფულადი ჯილდო. მისივე განმარტებით, ვაქცინაციისთვის იძულება საკმარისი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი