საზოგადოება

როცა იზოლაციის დრო გავიდა, მაგრამ მაინც „წითელი“ ხარ

24 იანვარი, 2022 • 2046
როცა იზოლაციის დრო გავიდა, მაგრამ მაინც „წითელი“ ხარ

მას შემდეგ, რაც მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული იზოლაციისა და კარანტინის ვადები შეამცირა, კოვიდგადატანილი მოქალაქეები ახალი პრობლემის წინაშე დადგნენ: ცვლილება არ ასახულა „მწვანე პასპორტების“ აპლიკაციაში.

ეს ნიშნავს, რომ იზოლაციის 8 თუ 10 დღის გასვლის შემდეგ, მათი სტატუსი აპლიკაციაში კვლავ „წითელია“, შესაბამისად, რესტორნები, სასტუმროები თუ სხვა დაწესებულებები მათ არ უშვებენ.

რამ გამოიწვია პრობლემა და როგორ უპასუხებს მთავრობა ამ გამოწვევას?

ცვლილებები

საქართველოში „მწვანე პასპორტები“ მხოლოდ 2021 წლის 1 დეკემბრიდან მოქმედებს. სპეციალისტები მისი მუშაობის პრინციპს აქამდეც აკრიტიკებდნენ – იმის გამო, რომ „მწვანე“ სტატუსი განუსაზღვრელი დროით მიენიჭება იმ პირს, რომელიც, შესაძლოა, აცრილი საერთოდ არ იყოს, თუმცა ინფექცია გადატანილი ჰქონდეს თუნდაც 2 წლის წინ.

ამჯერად ახალი პრობლემა გამოიწვია ცვლილებამ, რომელიც იზოლაციის ვადებს უკავშირდება და რაც ჯერჯერობით აპლიკაციის მუშაობის პრინციპზე არ ასახულა.

თუკი კოვიდით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადად ბოლო დრომდე 14 დღე იყო განსაზღვრული, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის მასობრივად გავრცელების ფონზე, ეს ვადა შემცირდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვალდაკვალ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან საქართველოში კოვიდით ინფიცირებულთათვის იზოლაციის 14-დღიანი ვადა შემცირდა და ასეთი სახე მიიღო:

  • ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა გახდა 8 დღე;
  • მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში – 10 დღე.

იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, მთავრობის რეკომენდაციით, ორივე ტიპის მოქალაქეებმა 5 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ, რა სოციალურ სივრცეშიც არ უნდა წავიდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ცვლილება „მწვანე პასპორტებსა“ და მათი მუშაობის პრინციპზე არ ასახულა.

ამბავი #1

მარიამ ჭუბაბრიას ზამთრის შვებულების შემდეგ, 11 იანვარს დაუდასტურდა კორონავირუსი. თუ არ ჩავთვლით დადასტურებიდან მალევე, 2-3 დღის განმავლობაში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას, ვირუსი მსუბუქად გადაიტანა. შესაბამისად, მისი იზოლაციის დრო 8 დღე უნდა ყოფილიყო.

24 იანვრის მონაცემებით, დადასტურებიდან გასულია არა მხოლოდ 8, არამედ 13 დღე, – მსუბუქსიმპტომიანებისთვის განკუთვნილზე 5-ით, ხოლო რთული შემთხვევებისთვის გაწერილ 10-ზე – 3 დღით მეტი.

ამის მიუხედავად, მარიამს კოვიდპასპორტში კვლავ „წითელი“ სტატუსი აქვს. იმის გამო, რომ 24 იანვარს სამსახურის გამო ერთ-ერთ სასტუმროში უნდა ყოფილიყო, წინა საღამოს პისიარ ტესტის გაკეთება დასჭირდა, რითაც დაადასტურებდა, რომ კოვიდი არა აქვს, რაც დამატებითი ხარჯი გამოდგა.

ამბავი #2

მალინა საჯაიას 12 იანვარს სწრაფი ტესტით დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება, თუმცა ყოველი შემთხვევისათვის, გადამოწმების მიზნით, იმავე დღეს PCR ტესტიც გაიკეთა.

„იმის გამო, რომ წესებს მკაცრად ვიცავ და სახლში რისკჯგუფში შემავალი ადამიანი მყავს, მაშინვე გადავედი იზოლაციაში სხვა ბინაში. გვიან საღამოს კი პი-სი-არ ტესტის პასუხიც მოვიდა“, – გვეუბნება იგი.

PCR ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა. ვითარებაში გასარკვევად მალინამ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ რახან სიზუსტის უფრო მაღალი მაჩვენებელი PCR ტესტებს აქვთ, ჩაეთვალა, რომ კორონავირუსი არ უდასტურდება.

მას შემდეგ 12 დღე გავიდა, თუმცა „მწვანე პასპორტში“ მალინასაც კვლავ გაწითლებული აქვს. ამასთან, ამ ვითარებამ სხვა გეგმებშიც შეიძლება შეუშალოს ხელი: 3 მარტს გერმანიაში უნდა წავიდეს, რისთვისაც ფაიზერის დამატებით 2 დოზით „დაბუსტვა“ სურს, თუმცა ბუსტერ დოზაზე იქამდე ვერ დარეგისტრირდება, სანამ დადასტურებიდან 1 თვე არ გავა, ბუსტერებს შორის 3-4- კვირიანი ინტერვალი კი დროის დეფიციტის გამო ვერ ესწრება.

რას წერს აპლიკაცია

აპლიკაციაში მსგავსი ისტორიების მქონე მოქალაქეებს „გაწითლებული“ პასუხის არგუმენტად რამდენიმე შესაძლებლობა ეწერებათ, მათ შორის:

  • „არ ხართ 2-ჯერ ვაქცინირებული“;
  • „ბოლო პისიარ ტესტის გაკეთების შემდეგ გასულია 72 საათზე მეტი“;
  • ბოლო სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ გასულია 24 საათზე მეტი“.

მეოთხე მიზეზად კი შემდეგი რამ არის დასახელებული:

  • „კოვიდით დაინფიცირებიდან არ გასულა 14 დღე“.

სწორედ ეს შეიძლება იყოს იმ ვარაუდის საფუძველი, რომ პროგრამაში არ ასახულა მთავრობის მიერ იზოლაციის შემცირებული დღეების რაოდენობა.

რას ამბობენ სამინისტროში?

„ნეტგაზეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა ამ საკითხზე და განმარტებას ელოდება. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი