ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქალი ცხინვალიდან, რომელმაც სხვების დასახმარებლად “ცხელი ხაზი” შექმნა

29 ნოემბერი, 2021 • 1319
ქალი ცხინვალიდან, რომელმაც სხვების დასახმარებლად “ცხელი ხაზი” შექმნა

ავტორი: ირინა იანოვსკაია, ცხინვალი


“სიტუაციის დამძიმებასთან ერთად, ვხედავდი, როგორც მძიმდებოდა ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობაც. ასევე, ვხედავდი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არანაკლებ საშიში ხდებოდა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ზუსტად მაშინ მომივიდა “ცხელი ხაზის” იდეა, რომელიც დღეს უკვე რეალურად ეხმარება ადამიანებს”. ვინ არის ქალი, ვინც COVID-19 -ის პანდემიის დროს ცხინვალში ადამიანების დასახმარებლად “ცხელი ხაზი” შექმნა. მსგავსი ინიციატივა ადგილობრივი საზოგადოებისთვის აქამდე არ არსებობდა.

აელიტა ჯიოევამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო საზოგადოება ხანდაზმულებისთვის” [სამხრეთ ოსეთის – ალანიის ვოლონტიორები] ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ადამიანების მოსასმენად “ცხელი ხაზი” შექმნა. პროფესიით ფსიქოლოგი აელიტა ჯიოევა 24 საათის განმავლობაში  სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი კონსულტაციებით ეხმარება მათ, ვინც რეკავს ნომერზე 8-929-805-91-00. 

“ცხელი ხაზი” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პირველად 10 ნოემბერს ამუშავდა. 

“სხვა ადამიანის შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გააზრება, მათდამი თანაგრძნობა ჩემში ყოველთვის არსებობდა. მუდმივად მაქვს განცდა, რომ არიან ჩემ გარშემო ადამიანები, ვინც იმ მომენტში ჩემზე ცუდ მდგომარეობაშია. შესაბამისად, მიჩნდება სურვილი, დავეხმარო”. 

ვოლონტიორობა წლების წინ, კორონავირუსის პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ომის წლებმა და ყველა პრობლემამ, რაც ამ პერიოდს უკავშირდება, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ადამიანების დახმარება გადააწყვეტინა. თანამოაზრეების მხარდაჭერით აგროვებდა ფულს და მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა, ეხმარებოდა საკვებით, მედიკამენტებით, ტანსაცმლით.

“კორონავირუსმა, რომელმაც მთელ კაცობრიობას გამოუცხადა ომი, ჩვენს ოჯახსაც არ აუარა გვერდი. მეც გადავიტანე ეს ვირუსი და როგორც კი გამოვჯანმრთელდი, ‘წითელ ზონაში” ვოლონტიორად წავედი. იმ დროს უკვე  ჩემს ქმარსაც დაუდასტუდა კოვიდი.

კარგად მახსოვს ადამიანების პანიკური მდგომარეობა პანდემიის დასაწყისში. მსოფლიო არ იყო ამისთვის მზად. ყველაფერი ქაოსმა მოიცვა. საავადმყოფოს პალატებში ადგილი არ იყო, ადამიანები კორიდორებში იწვნენ. სიტუაციას  ამძაფრებდა დეზინფორმაცია მედიკამენტებისა და მაღაზიებში საკვები პროდუქტების დეფიციტზე”.

პანდემიის დასაწყისში აელიტა ჯიოევა “წითელი ზონიდან” “რუპორივით” გადმოსცემდა ამბებს, წერდა პოსტებს ფეისბუკზე და მოუწოდებდა ხალხს,  არ გაემართათ მასობრივი ღონისძიებები – ქორწილები, კონცერტები და ა.შ. მაშინ ადამიანებს ჯერ კიდევ ნაკლებად სჯეროდათ, რომ კორონავირუსი არსებობდა და, მით უმეტეს, სიკვდილს იწვევდა. 

“სიტუაციის დამძიმებასთან ერთად, ვხედავდი, როგორც მძიმდებოდა ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობაც. ასევე, ვხედავდი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არანაკლებ საშიში ხდებოდა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ზუსტად მაშინ მომივიდა “ცხელი ხაზის” იდეა, რომელიც დღეს უკვე რეალურად ეხმარება ადამიანებს”.

როგორც ქალი ამბობს, “ცხელ ხაზზე” ძირითადად ქალები რეკავენ. მათი ასაკი 40-დან 70 წლამდეა. 

“ცხელი ხაზით” სარგებლობა შეუძლია სამედიცინო პერსონალსაც, რომელიც “წითელ ზონაში” მუშაობს და ფიზიკურად და მორალურად გამოიფიტა. ასევე, კოვიდით გარდაცვლილთა  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ერთი სიტყვით,  ყველას, ვინც თავს ცუდად გრძნობს.

“დღემდე 60-ზე მეტი ზარი შემოვიდა. ადამიანების წუხილი სხვადასხვა საკითხზეა. ვიღაცას დეპრესია აწუხებს, ვიღაცას – პანიკური შეტევები. ზოგს კორონავირუსის სიმპტომები აქვს და არ იცის, რა გააკეთოს. არის ტექნიკური ტიპის კითხვებიც – როგორ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება ან ლაბორატორია ტესტის ჩასაბარებლად. ზოგჯერ უბრალოდ გვირეკავენ იმიტომ, რომ ამოთქვან რაღაც, მათთვის მნიშვნელოვანი. არის პირადი ხასიათის კითხვებიც, ამიტომაც ჩვენი კონსულტაცია ანონიმურია”. 

მსურველებისთვის “ცხელ ხაზზე” დარეკვა უფასოა. ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანია “ოსტელეკომთან” თანამშროლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც “ცხელი ხაზით” სარგებლობისთვის ფულს არცერთი მხარე არ იხდის. 

აელიტა ჯიოევა 24 საათის განმავლობაში, ხელფასის გარეშე მუშაობს.

იმისთვის, რომ მიიღოს ადამიანმა ფსიქოლოგური კონსულტაცია, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დატოვოს შეტყობინება “ცხელი ხაზის” ნომერზე სიტყვით “covid”, ან თუნდაც ერთი ზარი გამოუშვას. მე მაშინვე დავურეკავ და მათთვის სასურველ საკითხებზე დაველაპარაკები”, – ამბობს ქალი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი