ახალი ამბებირეკლამა

ისტორიები საოკუპაციო ხაზიდან [Video]

29 ნოემბერი, 2021 • 1657
ისტორიები საოკუპაციო ხაზიდან [Video]


25 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია იწყება. ეს თარიღი მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს ოკუპირებულ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრების ქალების ყოფიერებაში, რომლებიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადარჩენისთვის ყოველდღიურად იბრძვიან. 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები და გამოწვევები, მედიასაშუალება „აი ფაქტმა“, 5 ადამიანურ ვიდეო ისტორიაში გააერთიანა. ვიდეოების ციკლი – „ხმები საოკუპაციო ხაზიდან“ ნათლად აჩვენებს, ისეთ პრობლემებს როგორიცაა: უსაფრთხოდ გადაადგილების, წყალთან და სხვა სოციალურ სერვისებთან წვდომის გამოწვევები, ეკონომიკური სიდუხჭირე და რაც მთავარია საოკუპაციო ხაზიდან ახალგაზრდების მასიური მიგრაციის პრობლემა. 

ფილმის ერთ-ერთი გმირი, ლია ჩლაჩიძე, სოფელ ერგნეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ბოლო მოსახლეა. მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი ერგნეთში გაატარა. ლიას ჯერ კიდევ ახსოვს დრო, როცა რეგიონში, არც საოკუპაციო ხაზი არსებობდა და არც რუსული მავთულხლართები ყოფდა ოჯახებს, მეგობრებს, გარდაცვლილებს და ცოცხლებს. 

ლიას 13 წელია მამის საფლავი არ უნახავს, რადგან იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ამგვარი დაყოფა, უხილავი ძალადობის ფორმაა, ეს არის შიშის მუდმივი ფანტომი, რომლის მიმართაც ქალები მშვიდობისა თუ ომის პერიოდში, ყველაზე მოწყვლადები არიან. ლიას მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში თუ საოკუპაციო ხაზთან, ასობით ქალი ყოველ დღიურად განიცდის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტერორს. ოკუპაცია მათ არამხოლოდ დაუცველ გარემოს უქმნის, არამედ ოკუპაციის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს წლების მანძილზე არ ჰქონდა წვდომა წყალზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქალების საოჯახო შრომას.

გაეროს “ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW)” მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა სახელმწიფოებს ავალდებულებს მთავრობებს შეუქმნან ქალებს ღირსეული ცხოვრების პირობები. მიუხედავად ამისა, ამ ვალდებულების შესრულება გამოწვევად რჩება საქართველოსთვის – ქვეყნისთვის, სადაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები, უხილავ და ხილულ მტერთან თანაცხოვრებით, როგორც თავად ამბობენ „ყოველწუთიერად უყურებენ საშინლებსა“. 


მთავარი ფოტო: აი ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი