„დარწმუნებული არ ვარ, რომ პროპაგანდისტები ნამდვილად ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, მაგრამ ისინი ეჭვებისთვის ფანჯარას ხსნიან“, — ამბობს აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი, დიონის ჩენუსა.
მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ოსტატურად იყენებს ნარატივს, თითქოს ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს, რათა დასავლეთი ისე წარმოაჩინოს, როგორც არათანმიმდევრული.
“ნეტგაზეთი” ექსპერტს ესაუბრა ანტიდასავლურ ნარატივებზე, საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში რუსული გავლენების მარიონეტების როლზე.
- რა არის ყველაზე გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივი საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში? რამდენად დიდ როლს თამაშობს ეს ანტიდასავლური ნარატივები ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში?
ამ ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, სომხეთი) მხოლოდ რუსეთი არ აყალიბებს ან არ ცდილობს ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი აზრი. არიან ძალიან მკაფიო პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ საკუთარი დღის წესრიგი. ხანდახან ვხედავთ, რომ რუსული და ადგილობრივი ნარატივები ერთმანეთს ერწყმის.
თუ რუსეთზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ორი მოსაზრებაა განსაკუთრებით გამორჩეული. ერთია ომთან დაკავშირებული — ის, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად, ომში აღმოჩნდება. თითქოს ისინი რუსეთს ანტაგონისტად აღიქვამენ და ამაზე რუსეთი შურს იძიებს. მეორე ნარატივი, რომელიც, ჩემი აზრით, დომინანტურია რუსულ დეზინფორმაციაში, არის ის, რომ დასავლეთი იყენებს ორმაგ სტანდარტებს, როდესაც უახლოვდება ჩვენს რეგიონს. მაგალითად, ევროპარლამენტარები შეიძლება იყვნენ საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკულები, როდესაც საქმე საპროტესტო აქციებს ეხება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, მოქალაქეები — ყველა აპროტესტებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს. მიუხედავად ამისა, პროპაგანდისტების თქმით, დასავლეთს ნაკლებად სურს გააკრიტიკოს სომხეთში ანტისამთავრობო პროტესტი. ეს ნარატივი, ჩემი აზრით, ოსტატურად გამოიყენება, რათა წარმოაჩინოს დასავლეთი, როგორც არათანმიმდევრული.
მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამით ცდილობენ შეარყიონ ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ სანდოობა. დარწმუნებული არ ვარ, რომ პროპაგანდისტები ნამდვილად ახერხებენ აზრის ჩამოყალიბებას, მაგრამ ისინი ეჭვებისთვის ფანჯარას ხსნიან.
- ვინ არის ამ ნარატივების ძირითადი წყაროები და როგორ ვრცელდება მოსაზრებები საზოგადოებაში? მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება თავად აწარმოებს ანტიდასავლურ პროპაგანდას. რა ხდება ამ მხრივ სომხეთსა და მოლდოვაში?
წყაროები ყველა ქვეყანაში ძალიან ინდივიდუალურია. თუ ვსაუბრობთ მხოლოდ რუსულ პროპაგანდაზე, მაშინ მოლდოვაში აშკარად არსებობენ პრორუსული მარიონეტები. მე მათ საკომუნიკაციო მარიონეტებს ვუწოდებ.
ჩვენ მოლდოვაში გვყავს ძალიან მკაფიოდ გამოცხადებული პრორუსული პოლიტიკური პარტიები, ამიტომ მათ სურთ კარგი, სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთთან. ისინი სიტყვასიტყვით იღებენ ყველაფერს რუსული განცხადებებიდან და ნერგავენ ამას საკუთარ კომუნიკაციაში ამომრჩეველთან და ფართო საზოგადოებასთან. ეს არის მოლდოვის შემთხვევა.
თქვენთან, საქართველოში, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ აცხადებენ, რომ პრორუსულად არიან განწყობილი, მაგრამ ანალიზები, წინადადებები, აზრები, რომლებსაც ისინი იყენებენ, ახლოსაა იმ აზრებთან, რასაც რუსეთი ავრცელებს. საქართველოს ჰყავს მაღალი დონის პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ეწევიან გარკვეული ნარატივების პოპულარიზაციას. ისინი არ პოზიციონირებენ, როგორც პრორუსები, მაგრამ რიტორიკა ქმნის ამ ხიდს ქართველ პოლიტიკოსებსა და რუსულ განცხადებებს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს საშინაო პოლიტიკას, ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც. აშკარაა, რომ მაღალი დონის პოლიტიკოსები წარმოადგენენ აზრის შემქმნელებს. ეს შეიძლება იყოს თბილისის მერი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი და მსგავსი. მათი სიტყვები ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც რუსეთი ავრცელებს, თუმცა ქართველები არ ამბობენ, რომ პრორუსულები არიან, არავითარ შემთხვევაში. ეს დამაბნეველია მოსახლეობისთვის, რადგან სჯერათ, რომ მთავრობა ევროკავშირის მხარესაა და ევროპული დღის წესრიგი აქვს, ეს არის ის, რასაც თავად მთავრობა მუდმივად იმეორებს, მაგრამ არ ემთხვევა მათ მიდგომებს. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას აქვს სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელსაც საქართველოში დღის წესრიგის დასადგენად და მომავალ არჩევნებში ხელახალი არჩევის პირობების შესაქმნელად იყენებს შესაბამისი ამომრჩევლისთვის.
ძნელი სათქმელია, რუსული დირექტივაა თუ არა ქართველი პოლიტიკოსების ქმედება, მაგრამ შეგიძლიათ იპოვოთ კავშირები. მაინც არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მე პრორუსული ვარ ან რაიმე მსგავსი, რაც მოლდოვაში ნამდვილად მომხდარა. საქართველოს არ აქვს ასეთი ცალსახა, ღია და შეუნიღბავი პრორუსული პოზიციონირება, რაც გარკვეულწილად უფრო მეტ დაბნეულობას უქმნის მოსახლეობას. არ ვიცი, რა უკეთესია — გყავდეს ვინმე, ვინც ღიად არის პრორუსული, თუ გყავდეს ვიღაც, ვინც კომუნიკაციას შენიღბავს, როგორც ევროკავშირის პროპაგანდას, მაგრამ პარალელურად გამოიყენებს პრორუსულ ნარატივებს. მე ვფიქრობ, რომ სომხეთში არის ზუსტად ის ვითარება, რისი ქონაც ქართველებს უნდათ — ჰყავდეთ აშკარად ევროკავშირის მომხრე მთავრობა.
- შეგიძლიათ შეაჯამოთ რუსეთის მარიონეტების როლი ამ ქვეყნებში? ვინ არიან ისინი და როგორ მუშაობენ? როგორ უწყობენ ხელს მარიონეტები ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას?
ისინი უნდა იყვნენ ხილული სოციალურ მედიაში. ეს არის მთავარი წინაპირობა. უნდა იყვნენ ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირები, რათა ჰქონდეთ ბერკეტი, გამოიყენონ სანდოობის ინსტრუმენტები. ავტორიტეტი ნიშნავს, რომ ლეგიტიმურობას ანიჭებთ თქვენს ყველა სიტყვას. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, ვინ შეიძლება იყოს პოტენციური მოთამაშე დეზინფორმაციის გავრცელებაში. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ, რადგან იციან, რომ კომენტარი რუსულმა დეზინფორმაციამ შეიძლება აიტაცოს. არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ მათ აქვთ ღირებულებები, როგორც საჯარო კომუნიკატორებს, მაგრამ ეს მაინც ნაცრისფერი ზონაა. არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ვერ ამოიცნობს რუსულ ნარატივს, მაგრამ ძნელია რეალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაგება, თუ რატომ მუშაობს “ნაცრისფერი ზონის ადამიანი” რუსეთისთვის.
ჩვენ ვიმყოფებით ჰიბრიდულ ზონაში, სადაც ადამიანები ყოველთვის ექვემდებარებიან აზრებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით, იჯერებენ იმას, რის შესახებაც მეტი ინფორმაცია აქვთ. ზოგიერთებმა შეიძლება ვერც გააცნობიერონ, რომ ისინი რეალურად რუსული ინფორმაციის გამავრცელებლები არიან. სწორედ აქ იკვეთება მედიის როლი, იყოს “მოდარაჯე ძაღლი” (whatchdog) და ყოველთვის გაავლოს სწორი წითელი ხაზები.
- ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან. ამ გადაწყვეტილებით უკვე სარგებლობენ ანტიდასავლური პროპაგანდისტები. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს პროპაგანდა და რამდენად სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქართული საზოგადოების პროევროპული განწყობა შეცვალოს?
როდესაც ევროკავშირი 2010-2014 წლებში მოლდოვაში ოლიგარქების მიმართ არცთუ ისე მკაცრი იყო, მოლდოვამ წარუმატებლობის ისტორია გაიარა, ზუსტად 2014 წელს მოლდოვაში მომხდარი საბანკო თაღლითობის გამო. მაშინ ევროკავშირმა მოლდოვაში მოსახლეობის ნაწილისთვის ლეგიტიმაცია დაკარგა, ამიტომ ვთვლი, რომ ევროკავშირი ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, როგორ მართავს საკუთარ იმიჯს საქართველოში.
ბევრი პროპაგანდისტის არგუმენტი არის ის, რომ მოლდოვა და უკრაინა ნამდვილად არ იმსახურებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან საქართველო, რეალურად, ბევრად უკეთესად მუშაობდა ევროკავშირის ტრანსპოზიციის კუთხით. ამას ხშირად ამბობს საქართველოს ხელისუფლებაც. ნაწილობრივ, მართალია, საქართველო ძალიან წინ იყო, მაგრამ გასათვალისწინებელია ის წინაპირობებიც, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს მოლაპარაკებების გასახსნელად დაუწესა და რომელთა ნაწილიც საქართველოს არ შეუსრულებია.
ამიტომ, როდესაც მთავრობა აკრიტიკებს ევროკავშირს ან ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ არ გააკეთეს ის, რაც საქართველომ გააკეთა, ეს ევროკავშირისთვის “ძირის გამოთხრაა”. ისინი ცდილობენ ითამაშონ იმ არგუმენტით, რომ ევროკავშირი იყენებს ორმაგ სტანდარტებს მოლდოვასა და უკრაინის სასარგებლოდ და სჯის საქართველოს.
ასევე, საქართველოში ცდილობენ მანიპულირებას იმ იდეით, რომ ქვეყანა რჩება ევროკავშირის მხარეს, მაგრამ კრიტიკულია ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და ევროკავშირის დიპლომატების მიმართ. ასე რომ, ცდილობენ გამიჯნონ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ვექტორი და ევროკავშირის პოლიტიკოსები, დიპლომატები, რომლებიც ევროკავშირს დროებით წარმოადგენენ. თუ რაიმეს ცუდს ამბობენ საქართველოზე, ეს არა ევროკავშირის პოზიცია, არამედ ევროკავშირის პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების ან ვინმე სხვის პოზიციაა. პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი პირები უქმნიან დაბრკოლებებს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების გზაზე.
ექნება თუ არა ამას გავლენა ევროკავშირის შესახებ ქართველების აღქმაზე — დარწმუნებული არ ვარ, რომ ექნება. მე მინახავს სხვადასხვა კრიზისი საქართველოში, რასაც საზოგადოების საერთო ხედვა არ შეუცვლია, მაგალითად, რევოლუციები, სააკაშვილის რეჟიმის დაშლა. ევროკავშირისადმი სწრაფვა მუდმივია. არსებობს უწყვეტობა მხარდაჭერაში, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ურყევი აზრი ქვეყნის ორიენტაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, გყავთ თუ არა ოლიგარქი. დიახ, ევროპული კურსი, ასევე, კონსტიტუციის ნაწილია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სულისკვეთება სცილდება კონსტიტუციას. ეს არის საქართველოს კოლექტიურ მენტალიტეტში, ამიტომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს ამის დარღვევა. სწორედ ამის გამო ცდილობენ, პროპაგანდით ითამაშონ.
მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.