ახალი ამბები

გახარიას პარტია თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს საკრებულოებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს

22 ნოემბერი, 2021 • 3537
გახარიას პარტია თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს საკრებულოებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოებში, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს, საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.

როგორც პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს — “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” — შესთავაზეს, შეთანხმების გზით აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, რაც ვერ მოახერხეს.

“ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპია საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება. ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციში როგორც “ოცნება”, ისე ენმ, მხარს დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს, პირველ ორ ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლები კი იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები”, — განაცხადა ქემოკლიძემ.

პარტია “საქართველოსთვის” ასევე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს “პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს” მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ძველი საკრებულოების მიერ.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 7 საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”, თუმცა ერთპიროვნული უმრავლესობა არც ყველაზე კარგი შედეგის მქონე ოპოზიციურ პარტიას — “ნაციონალურ მოძრაობას” მოუპოვებია, შედეგად სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად პარტიებს ურთიერთთანამშრომლობა დასჭირდებათ. ჩამოთვლილ საკრებულოებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვისთან ითანამშრომლებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.

7 საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია

მასალების გადაბეჭდვის წესი