ახალი ამბები

NGO-ები: მთავრობა ანტიკორუფციულ გარემოზე ანგარიშის მიღებას აფერხებს

19 ნოემბერი, 2021 • 1009
NGO-ები: მთავრობა ანტიკორუფციულ გარემოზე ანგარიშის მიღებას აფერხებს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქსელის (OECD/ACN) 2021 წლის 26 ოქტომბერს გამართულ 21-ე პლენარულ სხდომაზე გათვალისწინებული იყო საქართველოში კორუფციული გარემოს შეფასების ანგარიშის დამტკიცება. თუმცა საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა, აღნიშნულ სხდომაზე დამტკიცებულიყო ანგარიში და დამატებითი დრო მოითხოვა დოკუმენტის ტექსტის შეცვლის მიზნით.

განცხადების ხელმომწერთა თქმით, ანგარიში პილოტურად მომზადდა OECD/ACN-ის მიერ მეხუთე რაუნდის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ანტიკორუფციულ გარემოს, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის არსებობის რისკებს შეისწავლის:

„საქართველოს დელეგაცია OECD/ACN-ის 21-ე პლენარულ სხდომაზე არაკონსტრუქციული და არაკოლეგიალური განცხადებებით გამოირჩეოდა ანგარიშის ავტორების მიმართ.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული რეგიონის სხვა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და სხვა საერთაშორისო აქტორების წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო იმიჯს და OECD/ACN-თან დიდი ხნის განმავლობაში არსებულ პროდუქტიულ ურთიერთობას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN-ის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის დამტკიცებაზე უარი ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გამყარებულ ნებას ევროპული, დემოკრატიული, კორუფციისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მქონე ქვეყნის მშენებლობის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მოუწოდებს მთავრობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს მონიტორინგის ჯგუფთან, უზრუნველყოს საპილოტე ანგარიშის დამტკიცება და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ OECD შედგება ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული 38 ქვეყნისგან და ეხმარება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში და მიიჩნევენ, რომ OECD-ისთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ OECD-ის წევრ ქვეყნებზე მოდის:

„ამ დახმარების ნაწილია პროგრამა, სახელწოდებით “ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN)”, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ხდება მონაწილე ქვეყნების ანტიკორუფციული გარემოს შემოწმება და კონკრეტულ რეფორმებზე რეკომენდაციების გაცემა.

2020 წელს OECD/ACN-მა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა ანტიკორუფციული სისტემის 13 მსხვილ სექტორულ მიმართულებაზე ახალი ინდიკატორები, რომელთა მიხედვით, ქვეყნები 2022 წლიდან ყოველწლიურად უნდა შეფასდნენ“, – აცხადებენ ხელმომწერები.

NGO-ების თქმით, ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვამდე, „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU for Integrity) პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ხუთი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის- მთავრობებმა საპილოტე მონიტორინგის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს.

განცხადების ავტორების თქმით, წინასწარი დათქმით, მონიტორინგის რაუნდის ხასიათის გათვალისწინებით, OECD/ACN არ გამოაქვეყნებდა თითოეულ სექტორულ მიმართულებაზე ქვეყნის მიერ მიღებულ ქულებსა და ინდიკატორების შესრულების რეიტინგებს, თუმცა პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცების შემდეგ მონიტორინგის ანგარიშის აღწერითი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო.

OECD/ACN-ის მონიტორინგის მისიამ კორუფციასთან დაკავშირებული შემდეგი სფეროები შეაფასა:

  • საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელება;
  • ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის პრაქტიკაში აღსრულება;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
  • მამხილებელთა დაცვის პრაქტიკაში აღსრულება;
  • სასამართლო და პროკურატურის სისტემები;
  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემა;
  • მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.

ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში შეაჩერა ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება.  ხელმომწერების თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც  პასუხისმგებელია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრაზე, განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებაზე, ასევე საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულებაზე, ბოლოს ორი წლის წინ შეიკრიბა:

„ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო რეალურად არ არსებობს, რადგან მასში უკვე 7 თვეზე მეტია ერთი ადამიანიც კი არ არის დასაქმებული. 2021 წლის მიწურულს კვლავ არ არის დამტკიცებული 2021-2022 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეფორმა ორი წელია შეჩერებულია“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ყოველივე აღნიშნული, ხელმომწერების შეფასებით, მიუთითებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღონ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აღიარონ ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმების განხორციელებისათვის.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი