ახალი ამბები

პარლამენტში 9 მოშიმშილე დეპუტატთან ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი მივიდა

19 ნოემბერი, 2021 • 868
პარლამენტში 9 მოშიმშილე დეპუტატთან ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი მივიდა

პარლამენტში, სადაც 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობს, ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი იმყოფება.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, ექიმების უმთავრესი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანაა შესაბამის კლინიკაში.

მისი თქმით, პარლამენტში მისული ექიმები მხარდაჭერას უცხადებენ ყველა მოშიმშილეს, რომლებიც სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.

„გვინდა ვუთხრათ იმ დეპუტატებს, ვინც ჩირქს სცხებენ ექიმებს: მორჩით ამ გაუაზრებელ და სამარცხვინო ქმედებებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

როგორც ექიმები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის, უფლებები სრულიად დარღვეულია და ამიტომ პარლამენტის წევრებს სთხოვენ, გამოიყენონ თავიანთი ბერკეტი, დაუყოვნებლივ მოიწვიონ იუსტიციის მინისტრი და ჰკითხონ, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი 3 კონსილიუმის დასკვნის მიუხედავად.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით. მათ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბრის საღამოს გონება დაკარგა და ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი