საზოგადოება

5%-იანი ბარიერი – საფრთხე თუ შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის

8 ივლისი, 2022 • 1898
5%-იანი ბარიერი – საფრთხე თუ შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს, – იმ შემთხვევაში, თუკი ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, – სავარაუდოდ, იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ნაკლებად რეიტინგული პარტიები „გაიკრიფებიან“ და „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პოლარიზაცია გაღრმავდება, რაც მმართველ პარტიას პარლამენტში მეტ ადგილს მოუტანს.

თუმცა ეს მოცემულობა შესაძლებლობასაც აჩენს ოპოზიციური პარტიებისათვის –  მცირე პარტიები, მინიმალური განსხვავებებით, გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით სცადონ ამომრჩევლის მიმხრობა. „ნეტგაზეთმა“ სცადა, გაერკვია, რამდენად რეალისტურია ეს პერსპექტივა, რა სტრატეგიებზე შეიძლება ოპოზიციამ იმუშაოს და როგორ უყურებენ თვითონ პარტიები ამ საკითხს.

„ოცნების“ დაპირება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 7 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას 2%-მდე, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

კობახიძემ იქვე განაცხადა, რომ მაღალი ბარიერი ხელს აძლევს „ოცნებას“, დაბალი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „მის სატელიტებს“.

მართალია, ირაკლი კობახიძე „ენმ-ს სატელიტებს“ უწოდებს იმ შედარებით მცირე ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტიებს, რომლებიც პოლიტიკურ ველში არიან და „ოცნებას“ უწევენ ოპონირებას, – მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ხშირად აკრიტიკებს, – თუმცა ბარიერის გაზრდა მათთვის მართლაც შეიძლება უარყოფითი შედეგების მომტანი იყოს.

რისკები

ამას ადასტურებს სტატისტიკური მანიპულაცია, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოამზადა 2020 წლის არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთჯერადად, ბუნებრივი ბარიერის ფარგლებში ჩატარდა [120 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით], რის შემდეგაც პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია შევიდა.

ბარიერი მაშინ 5%-იანი რომ ყოფილიყო:

  • საპარლამენტო ადგილებს მხოლოდ 3 პოლიტიკური პარტია გაინაწილებდა;
  • პირველ ადგილზე გასული პარტია, რომელმაც ხმების 45% მიიღო, პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით, ადგილების 59%-ით შევიდოდა;
  • დაკარგული ხმების რაოდენობა (ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მხარდაჭერა) კი დაახლოებით 25%-ის ტოლი იქნებოდა.

შესაბამისად, ISFED ვარაუდობს, რომ ასეთ პირობებში, 2024 წლიდანვე 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს საპარლამენტო პარტიების რიცხვს და გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას.

ISFED-ის პოლიტიკის დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ არაერთი შემთხვევა გვაჩვენებს – „წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ერთი ვადის პერიოდში ბარიერის განსაკუთრებული ზრდა არჩევნების შედეგების არაპროპორციულობის მკვეთრ ზრდასა და ეფექტიანი საპარლამენტო პარტიების რაოდენობის შემცირებას იწვევს“.

„სამართლიანი არჩევნები“ ასახელებს საქართველოს 1992-1995 წლების მაგალითს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის 1992 წლის არჩევნებში, როდესაც დაბალი საარჩევნო ბარიერი იყო, პარლამენტში მანდატები მოიპოვა 24-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა. მომდევნო, 1995 წლის არჩევნებისთვის სამართლებრივი ბარიერის 5%-მდე გაზრდის შედეგად კი ბარიერის დაძლევა მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა.

ამასთან, ISFED-ის პოლიტიკის დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ბარიერგადალახულმა საარჩევნო სუბიექტებმა, ჯამში, ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 38.5% მიიღეს, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის ხმები კი იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის განაწილდა, რომლებმაც 5%-ზე ნაკლები ხმა მიიღეს.

გამოწვევა

კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა 12 ოპოზიციური პარტიის პასუხი, რომლებმაც 5 და 2%-იანი ბარიერის ნაცვლად, ბუნებრივი (0.67%-იანი) ბარიერი მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ეს „აუცილებელია დეპოლარიზაციისთვის“.

შოთა ნარსია, – ISFED-ის მკვლევარი, რომელიც ზემოხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორია, – „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ბარიერის დონის 5%-ად განსაზღვრამ 2024 წლის არჩევნებისთვის შეიძლება „მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პარტიების ქცევაზე და სტრატეგიაზე“ და ვარაუდობს, რომ ასეთ პირობებში,  როდესაც არჩევნებში ბლოკების ფორმით მონაწილეობაც იკრძალება, შესაძლოა, ოპოზიციის მსხვილი გაერთიანება ვიხილოთ.

„2024 წლიდან ძალაში შემოდის კონსტიტუციური რეგულირება, რომელიც კრძალავს საარჩევნო ბლოკების შექმნას. პარტიებს მხოლოდ ინდივიდუალურად შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობა. ერთადერთი გზა, რომ ისინი გაერთიანდნენ, იქნება ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ გასვლა,  პოლიტიკურმა პარტიამ თავის სიაში უნდა ჩასვას სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. როგორც, მაგალითად, ეს მოხდა უკრაინაში ბლოკების აკრძალვის შემდეგ, როდესაც იულია ტიმოშენკოს პარტიამ სხვა, ძველი პარტნიორების წარმომადგენლები ჩასვა თავის სიაში“, – ამბობს შოთა ნარსია.

მისი თქმით, „5%-იანმა ბარიერმა ჩვენ შეიძლება უნგრული მოდელისკენ წაგვიყვანოს,  როდესაც მთელი ოპოზიცია იძულებული გახდა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გაერთიანებულიყო“ 2022 წლის არჩევნებზე, თუმცა, მკლევრის თქმით, „ამან მხოლოდ ის მოგვცა, რომ უნგრეთში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა და ოპოზიცია დამარცხდა ამ არჩევნებზე“.

მეორე მხრივ, მკვლევარი ასეთი სცენარისგან განსხვავებულ მაგალითსაც ასახელებს – პოლონეთის 1997 წლის არჩევნებს:

„ამ არჩევნების შემდეგ ასევე მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ხელისუფლების წინააღმდეგ და შეიქმნა ერთი მძლავრი ბლოკი „სოლიდარობის“ სახით, და მაშინ „სოლიდარობამ“ დაამარცხა მმართველი პარტია, თუმცა საქართველოში ეს რთულად წარმოსადგენია. ყოველ შემთხვევაში, ეს კარგს არაფერს არ მოგვცემს ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ, რომ შეიძლება, საერთოდაც „მოკლას“ პოლიტიკური პარტიები. იმიტომ, რომ თუ ისინი ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ გავლენ, ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ პარტიას ერთგვარად თვითონ აუქმებენ და შედიან სხვა პარტიაში. ამიტომ, ეს დაშვება ძალიან მძიმე შედეგებამდე დაგვიყვანს. ერთი არჩევნებით არ ამოიწურება და გაგრძელდება ნეგატიური შედეგების გავლენა კიდევ რამდენიმე არჩევნებზე“, – ამბობს ნარსია.

მეორე სცენარი – შანსი?

შოთა ნარსიას თქმით, ზემოთხსენებული სცენარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ სხვა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან. თუმცა არსებობს მეორე სცენარიც – არა ენმ-ის ქვეშ, არამედ მცირე პოლიტიკური პარტიებისგან ცალკე მდგარი, დამოუკიდებელი გაერთიანება და არჩევნებში ე.წ. მე-3 ძალად პოზიციონირება.

„ეს ნაკლებად მძიმე სცენარია, თუმცა, არ ვიცი, რამდენად არიან ეს პარტიები მზად ასეთი ნაბიჯისათვის. ის, რომ ქართულ პარტიულ პოლიტიკას სჭირდება პარტიების გამსხვილება, ეჭვგარეშეა, რადგან ასე ფრაგმენტირებული პარტიული სპექტრი გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალპარტიულ სისტემას ვერ შექმნის. და მსგავსი იდეოლოგიის, პროგრამის პარტიების შერწყმა აუცილებელი მგონია მე პირადად ქართული პარტიული სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის“, – ამბობს შოთა ნარსია.

თუმცა მას მიაჩნია, რომ საამისოდ 5%-იანი ბარიერი ძალიან მაღალი იქნება და „შესაძლოა, 2-3%-იანი ბარიერის არსებობის პირობებში გადადგას ბევრმა ეს ნაბიჯი“.

„თუმცა 5%-იანი ბარიერის პირობებში არ ვიცით, ეს მოხდება თუ არა; არ ვიცით, რამდენად იქნებიან მზად პოლიტიკური პარტიები ამისათვის. შეიძლება, მათ 5%-იანი ბარიერი ძალიან მაღალ მაჩვენებლად მიიჩნიონ და ზოგიერთმა მათგანმა იფიქროს ისევ ენმ-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე“, – გვეუბნება მკვლევარი.

ამის გათვალისწინებით, მკვლევარი შოთა ნარსია ამბობს, რომ „რაც უფრო დიდი დრო გადის ისე, რომ არ ვიცით, როგორ ვატარებთ 2024 წლის არჩევნებს, მით უფრო ნაკლები დრო რჩებათ პარტიებს არჩევნებისთვის მომზადებისთვის“. შესაბამისად, ადაპტირებისთვისაც მცირე დრო რჩება, რაც „პარტიებს მომზადებას ძალიან გაურთულებს“.

ვინ შეიძლება გაერთიანდეს?

ვინ შეიძლება მივიჩნიოთ „მსგავსი იდეოლოგიის, მსგავსი პროგრამის“ მქონე პოლიტიკურ პარტიებად, ვისაც ენმ-ის ქოლგის გარეშე გაერთიანების პერსპექტივა გააჩნიათ? შოთა ნარსია ამ კითხვას ასე პასუხობს:

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ქართული პარტია გაწევრიანდა „ალდეში“ („ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის“). ეს პარტიები არიან „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ პარტიებს მეტნაკლებად მსგავსი იდეოლოგია აქვთ. ამიტომ, შეიძლება, ამ პარტიებს ჰქონდეთ გაერთიანების ყველაზე დიდი რესურსი“.

ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნების“ მკვლევარი შოთა ნარსია ერთ შემაფერხებელ ფაქტორსაც უსვამს ხაზს: „ქართული პარტიული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, არ ვიცით, რამდენად იქნება რომელიმე მათგანი მზად, რომ გააუქმოს თავისი პარტია და სხვას შეუერთდეს. ამიტომ, ეს პერსპექტივა პრაქტიკაში რამდენად განხორციელებადია, მეორე საკითხია“, – ამბობს იგი.

ოპოზიციის პერსპექტივა

„ნეტგაზეთთან“ საუბარში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი პარლამენტარი, სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები,  ყოველ შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საერთოდ არ ფიქრობენ, 2024 წელს ვის რამდენი პროცენტი ექნება“:

„უფრო ახლოს, მოკლე ვადაში გვაქვს საფრთხეები და გამოწვევები. ამიტომ, ახლა ფიქრი, 2024 წელს რომელი პარტია ვისთან კოალიციაში შევა, დამოუკიდებლად იქნება თუ გაერთიანებები იქნება, ამაზე, ყოველ შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ასევე ვიცი გარკვეული ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიები, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ“, – გვითხრა მან.

სერგო ჩიხლაძემ ხაზი გაუსვა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „კიდევ ერთი სილის გაწნაა ევროკავშირისთვის“:

„მთავარი პრობლემა ეს არის – „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს, რომ აღასრულოს რაიმე ამ 12 რეკომენდაციიდან. არათუ არ აკეთებს, შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ევროკავშირს“.

ამასთან, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ პოლარიზაციით ეცდება ფონს გასვლას, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე, რა სტრატეგიას დაუპირისპირებენ ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს 2024 წლისთვის, გვპასუხობს:

„მთავარი ამოცანა არის ზუსტად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამ 6 თვეში მაქსიმუმის გაკეთება. ოღონდ ჩვენ ვთვლით, რომ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პირობებში ეს არ მოხდება. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი მიმართულია იმისკენ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ყველანაირი კანონიერი, კონსტიტუციური მეთოდით. ეს არ არის მხოლოდ აქციები და პროტესტები. თუმცა ესეც უნდა იყოს. ეს არის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, დასავლეთთან, დიპლომატებთან, მედიასთან, მოსახლეობასთან, საპროტესტო-სამშვიდობო აქციები, პარლამენტში მუშაობა, თუ დაგვრჩა ამის სივრცე,  ყველა მიმართულებით კომპლექსური დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რაც ჩვენ თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იქნება და გავაჟღერებთ უახლოეს კვირებში“.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ფეისბუკზე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი და დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ „მაღალი ბარიერის შენარჩუნების მუქარით (ისე, ამის გარეშეც) „არანაცურ“, პატარა პარტიებს, არაპარტიულ არასამთავრობო სექტორს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართლაც არაპარტიულ სამოქალაქო აქტივისტებს აიძულებს, ერთიანი ბლოკით ან ორი ბლოკით გამოვიდნენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“.

მისი ვარაუდით, „ამ ძალის ელექტორალური ბაზა იქნება 20 ივნისის მომიტინგეთა და მათ მხარდამჭერთა დიდი უმრავლესობა“.

„არჩევნების შედეგად ეს გამარჯვებული ძალა ენმ-ს (მისი ორბიტიანად) უმცროს, ამასთანავე, სოლიდურ პოლიტიკურ პარტნიორად გაიამხანაგებს და შეიქმნება ახალი სახელისუფლებო კოალიცია. „ოცნება“ დაიშლება“, – წერს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, „რაც უფრო ხშირად გაბედავს ესა თუ ის პატარა პარტია და პირი საკუთარი, ღირებულებითი, სტრატეგიული არჩევანის შესაბამისი ტაქტიკურ ნაბიჯის გადადგმას (თუნდაც, სულ ეულად აღმოჩნდეს ხანდახან), მით მეტი წონა ექნება იმ სამომავლო, სწორედ ღირებულებით კოალიციაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი