ახალი ამბები

ოპოზიციაში ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, მივლენ თუ არა პაპუაშვილთან შეხვედრაზე

6 ივლისი, 2022 • 1009
ოპოზიციაში ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, მივლენ თუ არა პაპუაშვილთან შეხვედრაზე

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა, მივა თუ არა ხვალ, 7 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე.

პარლამენტის ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოსთვის“,  „სტრატეგია აღმაშენებლის“, რესპუბლიკური პარტიისა და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები: თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მივლენ „მოქალაქეების“, „გირჩისა“ და „საქართველოსთვის” წარმომადგენლები.

ოპოზიციის დღის წესრიგით პაპუაშვილთან მისვლას ემხრობა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, თუმცა კოლეგებთან პოზიციის შეჯერებას ელოდება.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე თანხმდება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა იმაზეა, მივიდნენ თუ არა ხვალ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე.

„მე გეტყვით ჩემი პარტიის პოზიციას. გრძელდება კონსტულტაციები და არ დამთავრებულა, მაგრამ მე ვფიქრობ და არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდეს. თუ გვინდა რიგგარეშე სესია, ჩვენ კონკრეტული დღის წესრიგით უნდა ველაპარაკოთ სპიკერს. კონსტულტაციები გრძელდება და მე მინდა, ჩემს კოლეგებთან ერთად შევაჯერო პოზიცია, მაგრამ ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ სპიკერს ჩვენი დღის წესრიგით. ამ დღის წესრიგს შევათანხმებთ თუ არა, მე ვარ მომხრე, რომ მას ვესაუბროთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით,  ხვალ დილისთვის საპარლამენტო ოპოზიციას ექნება თავისი ჩამოყალიბებული დღის წესრიგი და საბოლოოდ გადაწყვეტენ, თუ რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია პაპუაშვილთან შეხვედრაზე.

მისი თქმით,  ამ პროცესში შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას არსებითი მნიშვნელობის არ აქვს და საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი, რომელიც კორელაციაში არის არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების 12-პუნქტიან გეგმასთან.

“არის საკითხები, რომელიც უკვე მომზადებულია, ამას განხილვაც არ სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, მრავალპარტიულობის ელემენტს გააჩენს ქართულ პოლიტიკაში. ასევე მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე წარდგენილია და რომლის განხილვა და მიღება უკვე შესაძლებელია. ამიტომ კონკრეტული, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შეთანხმებული დღის წესრიგით რიგგარეშე სესიის მოთხოვნას დავაყენებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ კი გადაწყვეტილი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე არ მივლენ. როგორც პარტიის წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა,  პაპუაშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირი არაა.

“პაპუაშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ის ირაკლი კობახიძის გარეშე სტაფერსაც კი ვერ დანიშნავს. მათ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი საერთოდ გაურკვეველია და დაწერილი საბუთიც კი არ მიგვიღია, რაზე უნდა იყოს. ასეთ გაუგებარ შეხვედრას, არაუფლებამოსილ პირთან მისვლას “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა და ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს სამუშაო პროცესში ჩართვა შესთავაზა.

თუმცა ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის შემოთავაზებულ გეგმაში დროის გაჭიანურების მცდელობებს ხედავს და „ქართულ ოცნებას“ რეალური ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი