ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად დამატებით სამმა თანამშრომელმა დატოვა

17 ნოემბერი, 2021 • 1502
ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად დამატებით სამმა თანამშრომელმა დატოვა

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა – გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა – დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თემურ ქანთარია-ჯაბადარმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

მისი განმარტებით, ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე პროცესები სამივე მათგანის პროფესიულ ეთიკასთან მოდის წინააღმდეგობაში. ქანთარია-ჯაბადრის განცხადებით, მათთვის მიუღებელია:

  • “თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება;
  • არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას (მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და კოლექციების ევაკუაციის საკითხს), რომელიც ბუნდოვანია თანამშრომლებისა და დახურული საზოგადოებისთვის;
  • ბრალდებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლების განმავლობაში უმოქმედობის თაობაზე. ასევე უსაფუძვლო განცხადებები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის („გამოშიგვნის“) შესახებ”.

“შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები”, – ნათქვამია ქანთარია-ჯაბადრის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ. მისი თქმით, ხელმძღვანელობას დაქვეითებას სთხოვდა, რადგან არ სურდა ყოფილიყო იმ ადმინისტრაციის ნაწილი, რომლის პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმისადმი მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი.

შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მიმდინარე წლის ზაფხულში ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა ეკა კიკნაძემ განაცხადა, რომ მას პოზიცია შეუცვალეს და „ჩამოალაბორანტეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი