ახალი ამბები

წამლის ფასის რეგულირების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

16 ნოემბერი, 2021 • 1041
წამლის ფასის რეგულირების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით შეიმაშავებს ინიციატივებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს“ და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

გასულ კვირას ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასები „ძალიან არის გაზრდილი“ და მთავრობა ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება ჰქონდეს.

აღნიშნული განცხადებები და სამუშაო ჯგუფის შექმნა მოჰყვა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს, რომელიც 9 ნოემბერს დაახლოებით 2-წლიანი მუშაობის შემდეგ გამოაქვეყნა კონკურენციის სააგენტომ.

ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით 16 ნოემბერს გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, უწყებაში წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებაში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უკვე დაასრულა თავის ხედვებზე მუშაობა, მათ აქვთ მკაფიო 11 რეკომენდაცია. დღეის შემდეგ ჩვენ სამუშაო ჯგუფების ფორმატში გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი, სილვიუ დომენტეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯანმოს ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

„მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, – აღნიშნა „ჯანმოს“ რეგიონულმა დირექტორმა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ სააგენტომ შეიმუშავა 11 რეკომენდაცია, რომელთა მიზანიც მომხმარებლის მხრიდან მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა“.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წამლის ფასის რეგულირების ნაწილზე მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

„ჩვენ მოვახდინეთ არსებული საკანონმდებლო ბაზრის რევიზია, რომელიც ამ მიმართულებას არეგულირებს. ეს კანონმდებლობა არის 2009 წელს მიღებული და მოძველებული. ამიტომ ჩვენ, როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპელ ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იქნება უფრო მეტად დახვეწილი და ის უზრუნველყოფს, რომ ამ სექტორში ბაზარი იყოს დარეგულირებული და გახდეს შესაძლებელი, რომ მედიკამენტი ქვეყანაში იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი