ახალი ამბები

3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან, აქციის შემყურე ენერგია მომეცა – სააკაშვილი

15 ნოემბერი, 2021 • 5631
3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან, აქციის შემყურე ენერგია მომეცა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ 3 დღეა თითქმის არ ამდგარა საწოლიდან.

ამავე წერილში სააკაშვილი მადლობას უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს ენმ-ის საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.

3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების, განსაკუთრებით “საქართველო, საქართველო” გამგონე, (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ.
დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

მანამდე მისი დასუსტებული ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრეს სააკაშვილის ადვოკატებმ,ა დიტო საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ. საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად მოთხოვნისა, კონსილიუმის ვიზიტი ჯერ არ შემდგარა.

„პირველ რიგში, შევეხები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც არის გაუარესებული. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევები. დღეს რამდენჯერმე შევიდნენ მასთან ოთახში იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი