საზოგადოება

#18 დაწესებულების დირექტორს კოვიდი დაუდასტურდა, სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს

15 ნოემბერი, 2021 • 2135
#18 დაწესებულების დირექტორს კოვიდი დაუდასტურდა, სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს

მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ დირექტორს სააკაშვილთან კონტაქტი ჰქონდა.

ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს, რომ დირექტორს კორონავირუსი საკონტროლო ტესტირებისას დაუდასტურდა.

„როდესაც ის დაწესებულებაში იმყოფებოდა, ყოველთვის გადიოდა გეგმურ ტესტირებას და არცერთი დადებითი პასუხი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მან დატოვა დაწესებულება და გავიდა სხვა კლინიკაში თავისი სამედიცინო მანიპულაციისთვის, უკან დაბრუნებისას საკონტროლო ტესტირება ჩაიტარა, დაუდასტურდა და არც შესულა დაწესებულებაში“, – უთხრეს ნეტგაზეთს უწყებაში.

ჩვენს დამატებით კითხვებზე კი გვითხრეს, რომ დადასტურების შემდეგ ციხის ტერიტორიაზე არ შემოსულა და არავისთან კონტაქტი არ ჰქონია. მანამდე კი ყველა საკონტროლო ტესტი უარყოფითი იყო – „დღეს პრევენციისთვის ყველას გაუკეთდა [ტესტი], იქ არსებულ მსჯავრდადებულებსა და პაციენტებს, მათ შორის სააკაშვილსაც“.

სააკაშვილის ტესტირების შესახებ ადვოკატებმაც ისაუბრეს მორიგი ვიზიტის დროს. მათ დაადასტურეს, რომ სააკაშვილს დირექტორთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი.

„ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, თუ ჰქონდა მას კონტაქტი მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი, ჰქონდა არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას პისიარი და ველოდებით პასუხს.

აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ იმიტომ მოხდა პისიარ ტესტის ჩატარება, რომ მე-18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კორონავირუსი“, – აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი კვლავ ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმთა კონსილიუმის ვიზიტს, რაც ჯერ არ მომხდარა.

„პირველ რიგში, შევეხები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც არის გაუარესებული. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევები. დღეს რამდენჯერმე შევიდნენ მასთან ოთახში იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

განახლება: პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი