ახალი ამბები

ენმ-ის მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა

15 ნოემბერი, 2021 • 1289
ენმ-ის მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა, რომელიც მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გაიმართა, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა.

აქციის დასრულების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა უფრო და უფრო მძლავრი გახდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში:

„რაც მალე გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში, იქნება უფრო უკეთესი მათთვის და ქვეყნის სტაბილური განვითრებისთვის. ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ დავიცვათ ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელების უსაფრთხოება იმიტომ, რომ ისინი ეთამაშებიან ცეცხლს.

ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ინგრევა, რაც მეტი მოქალაქე გამოვა თბილისის და არამარტო თბილისის ქუჩებში, უფრო მალე ჩამოინგრევა მორყეული რეჟიმი“, — ამბობს ნიკა მელია.

გუშინ, 14 ოქტომბერს, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა მტკვრის ორივე სანაპიროს ორი საათის განმავლობაში გადაკეტვა. აღნიშნულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სანაპიროს გადაკეტვაზე მოწოდება კანონდარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნებოდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით დაიწყეს, გორგასლის ქუჩამდე მსვლელობით მივიდნენ, შემდეგ კი გორგასლის ქუჩასთან მსვლელობა უკან, იუსტიციის სახლის მიმართულებით გაგრძელდა, სადაც მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცტექნიკა.

ენმ-ის აქცია ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე

ენმ-ის მსვლელობა მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე

ენმ-ის მსვლელობა მარჯვენა სანაპიროზე

ენმ-ის მსვლელობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

შსს-ის სპეცტექნიკა

შსს-ის სპეცტექნიკა იუსტიციის სახლი მიმდებარე ტერიტორიაზე

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო ერეკლე მორის მოედანთანაც, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისი მდებარეობს.

პოლიციის მობილიზება ერეკლე მეორის მოედანთან, სადაც მსვლელობის მონაწილეებმა ჩაიარეს

მოგვიანებით, მსვლელობის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს.

აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ენმ-ის მხარდამჭერებმა ორბელიანის მოედანზე სტენსილებიც გააკეთეს და დაწერეს „თავისუფლება მიშას“.

სტენსილები პრეზიდენტის რეზიდენციასთან

სტენსილები პრეზიდენტის რეზიდენციასთან

სტენსილები პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ექპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მისი გათავისუფლებისა და სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.

რამდენიმეკვირიანი შიმშილობის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც 11 ნოემბერს გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა, ის ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში.

სააკაშვილი, მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტის გადაყვანას ითხოვენ სამოქალაქო კლინიკაში .

მასალების გადაბეჭდვის წესი