ახალი ამბები

“საქართველოს დროშის შეურაცხყოფა” – ზალკალიანი Россия-1-ზე

11 ნოემბერი, 2021 • 5398
“საქართველოს დროშის შეურაცხყოფა” – ზალკალიანი Россия-1-ზე

2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა და დაგმო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „Россия-1-ზე“ საქართველოს სახელმწიფო დროშის სტუდიის იატაკზე გამოჩენა, რომელზეც ტელეწამყვანები და სტუმრები დგანან .

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას მწვავედ დასვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი.

დავით ზალკალიანმა შვეიცარიელ მედიატორებთან მწვავე პროტესტი დააფიქსირა და შეშფოთება გამოხატა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ნაბიჯზე, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Россия-1-ზე გასულ გადაცემაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე უახლეს მოვლენებს შეეხებოდა, სტუდია ისე იყო მოწყობილი, რომ იატაკზე, რომელზეც ტელეწამყვანები და სტუმრები იდგნენ, საქართველოს დროშა იყო გამოსახული.

2009 წლიდან შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი