პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მომღერალი ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, – იუწყება კიევში სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში.
ბარაბაშის განცხადებით, კიკაბიძის ვიზიტის მიზანია, ზელენსკისთან განიხილოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და უკრაინისთვის გადაცემის საკითხი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 დღის წინ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებს ქმნის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.
თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება კონსილიუმის გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც. ის აცხადებს, რომ იქ მოტყუებით გადაიყვანეს.