“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სხვა პატრიოტებთან ერთად აფხაზეთს თბილისის კონტროლს დაუბრუნებს, აფხაზეთში გაკვირვებას არ იწვევს”.
ამასთან, სოხუმში იმედოვნებენ, რომ თბილისში სააკაშვილის განცხადებებს შეაფასებენ. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა TASS-ს განუცხადა.
“სააკაშვილისგან მსგავსი განცხადება, რა თქმა უნდა, არავის აკვირვებს. ეს სრულად ჯდება მისი პოლიტიკის, მსოფლმხედველობისა და ადამიანებისადმი დამოკიდებულების პარადიგმაში“.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ნათქვამი, არამედ ის, როგორ შეაფასებენ მას საქართველოში და როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება.
მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოს კონტროლი აფხაზეთზე, მისი შეფასებით, დროებითაა დაკარგული და აფხაზეთის დაბრუნებას „სხვა პატრიოტებთან ერთად“ გეგმავს. სააკაშვილი აცხადებს, რომ კონტროლის აღსადგენად „ყველა საჭირო საშუალებას“ გამოიყენებს. მისი თქმით, აფხაზეთის საკითხი მანამდე ვერ მოგვარდება, სანამ რეგიონზე საქართველოს კონტროლი არ აღდგება.
ბარციცის განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები მხოლოდ „შეშლილი ადამიანის ბოდვად“ არ უნდა ჩაითვალოს. მისი შეფასებით, ეს არის „ქართული ისტებლიშმენტის ნაწილის პოლიტიკური განცხადება“, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილს კვლავ უჭერს მხარს.
„ეს, არსებითად, მათი ხედვით აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის გეგმებია. ვფიქრობ, ზუსტად ასეთივე გეგმები აქვთ სამხრეთ ოსეთის ხალხთან მიმართებითაც. სააკაშვილის მსგავსი განცხადებები სრულად აბათილებს იმ მშვიდობიან რიტორიკას, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელებისგან ისმის“, – განაცხადა მან.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, სააკაშვილის მსგავსი განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი წარმომადგენლების, ექსპერტებისა და დასავლეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან ყურადღებით შეფასების საგანი უნდა გახდეს.
„ეს ძალიან შემაშფოთებელი სიგნალია, რომელიც, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისგან აფხაზეთის ხალხის მიმართ მოდის“.
მისივე თქმით, აფხაზეთი მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.
„მათ შორის, სწორედ მსგავსი სისხლისმსმელი გეგმებით არის განპირობებული ჩვენი სწრაფვა, გავაძლიეროთ სამხედრო უსაფრთხოება, აქტიურად ვითანამშრომლოთ სამხედრო სფეროში ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესა და პარტნიორთან – რუსეთის ფედერაციასთან. ეს სამუშაო გაგრძელდება. ჩვენ ვერ დავეყრდნობით შემთხვევითობას და ქართველი პოლიტიკოსების კეთილ ნებას“, – თქვა ბარციცმა.
ბარციცის განცხადებით, თუ სააკაშვილის მსგავსი განცხადებები მკაცრ სამართლებრივ შეფასებას არ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ასეთ შეხედულებებს იზიარებს ან საკუთარ გეგმებში უშვებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზი ტყვეების მასობრივ დახვრეტასთან დაკავშირებით.
ბარციცის თქმით, ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს ქართველი ტყვეების გასაცვლელად აფხაზი ტყვეები აღარ ჰყავდა, რადგან მათ ადგილზე ხვრეტდნენ.
„საქართველოს პროკურატურამ ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და, თითქოს, მას სამხედრო დანაშაულის ან მასში თანამონაწილეობის მუხლით უნდა წაყენებოდა ბრალი, თუმცა, სამწუხაროდ, ბარამიძეს, რომელმაც მძიმე დანაშაულები აღიარა, სამშობლოს ღალატი წაუყენეს. ეს არის აშკარა მცდელობა, შენიღბონ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომელთა შესახებაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კარგად იციან“, – განაცხადა ბარციცმა.
