ახალი ამბები

სპეციალურად დაგვაკავეს 48 საათით, ამის საჭიროება არ იყო — ალიკა კუპრავა

10 ნოემბერი, 2021 • 1142
სპეციალურად დაგვაკავეს 48 საათით, ამის საჭიროება არ იყო — ალიკა კუპრავა

8 ნოემბერს თბილისში დაკავებული ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები დღეს, 10 ნოემბერს გამოუშვეს. მათ შორის არის ალიკა კუპრავაც, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, საპროტესტო აქციებიდან გარიდებას ემსახურებოდა.

კუპრავას თქმით, მასთან და სხვა დაკავებულებთან მიმართებით დაკავების მაქსიმალური ვადა — 48 საათი — სპეციალურად გამოიყენეს და რეალურად, ამის საჭიროება არ იყო.

„მომათავსეს იზოლატორში, ვნახე, რომ იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ დაკავებული, სულ 6 ადამიანი ვიყავით. იმავე დღეს აპირებდნენ სასამართლო სხდომის ჩატარებას და რა უშლიდათ ხელს, მეორე დღეს ჩაეტარებინათ?! – არც მეორე დღეს ჩაატარეს, წკიპამდე მიიყვანეს.

ბოლო წამს გამომიყვანეს სასამართლო შენობაში, სადაც დაკავებულები ელოდებიან პროცესის დაწყებას, იქ ვიდექი, 48 საათი გასული იყო უკვე და ერთი საათიც გადააცილეს, ბორკილები არ მომხსნეს და შემდეგ პროცესი გადაიდო“, – უთხრა ალიკა კუპრავამ ნეტგაზეთს.

ალიკა კუპრავა ამბობს, რომ 48-საათიანი ვადის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, როცა გამოძიებას მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო სჭირდება, მის შემთხვევაში კი ამის საჭიროება არ იყო.

„ჩვენი დაკავების მიზანი იყო, რომ აქციაზე არ ვყოფილიყავით. ამიტომ გაწელეს მაქსიმალურად და გაგვარიდეს ამ სიტუაციას. გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა კლასიკური. იმ მომენტში, როცა დამაკავეს, მე არ ვსარგებლობდი არც შეკრების უფლების და არც გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ მე და ჩემი მეგობრები გარეთ არ ვყოფილიყავით. ყველა 48 საათი გაგვაჩერეს, მეც, კახა კვეკვესკირიც, ვანო მაღალაშვილიც, ბექა პაპაშვილიც, დათო დიღმელაშვილიც. ერთადერთი ლაშა ხუსკივაძე გახდა გუშინ ცუდად და ის გადაიყვანეს სასწრაფოში.

ჩემს საქმეზე ვითომ დამკავებლები ვინც იყვნენ, ის პოლიციელები იქნებიან მოწმეები და ზეგინდელ პროცესზე ისინი ვერაფერს ვერ წარმოადგენენ. იმიტომ, რომ კამერას, სადაც თვითონ არღვევენ, თვითონ ხომ არ მოიტანენ. ამიტომ ეს პოლიციელები ხომ თავიდანვე იდენტიფიცირებული იყვნენ და ჩაწერეს დაკავების ოქმში. მომდევნო 24 საათი რისთვის დასჭირდათ?! – მტკიცებულებების მოპოვებისთვისო ხომ ვერ იტყვიან ამას, აბსურდია. იმიტომ, რომ მეტ მტკიცებულებას ვერ წარადგენენ, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა“, – ამბობს ალიკა კუპრავა.

მისი თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების მაქსიმალურ ვადას 48 საათს ხელოვნურად იყეენებს და ამაში მათ ხელს უწყობს სასამართლოც.

„ამის[კანონის] გამოყენება ხდება ხელოვნურად. წელავენ თავიდან ბოლომდე და სასამართლოც უკმაყოფილებს, ჰარმონიაში არიან. არა აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის შემაკავებელია, არამედ დამხმარეა და ეხმარება ამ ყველაფერში მოსამართლე. მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ შეაკავოს და გააწონასწოროს. ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც 48 საათი უნდა იყოს, 24 საათში აქვს მას წარდგენის ვალდებულება. განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მტკიცებულების მოპოვებას სჭირდება, მაშინ შეიძლება მიმართოს სასამართლოს და ან შეიძლება დაუკმაყოლონ და ან არა“, – ამბობს ალიკა კუპრავა.


„ქართული ოცნების“ ინიცირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები რამდენიმე თვის წინ შეიტანეს და ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების ვადა 48 საათამდე გაზარდეს.

ცვლილებებს აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მწვავედ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მიაჩნიათ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული“ გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი