სავარაუდოდ, აქტივისტი ვახო ფიცხელაური დააკავეს.
როგორც ვახო ფიცხელაურის ცოლი, თეო ბზიშვილი TV პირველთან ამბობს, მისთვის არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის პოლიციამ წაიყვანა.
„გაუჩინარდა დღეს საღამოს და გავიგე სრულიად მოულოდნელად, სამსახურში ოდნავ მეტხანს მომიწია გაჩერება. მაშინვე ვიფიქრე, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ამ დრომდე არ ვიც,ი რა ხდება დაზუსტებით. არ ვიცი, შეიძლება იმ გამტაცებლებსაც კი ჰყავთ მართლა. ფიზიკურად ვერ მოვიპოვე ვერსად ინფორმაცია, ვერც სახალხო დამცველის აპარატში, ვერც ვერც ერთ იზოლატორში და ყველგან ჩამოვრეკე.
გავიგე, ოღონდ ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩემთვის და ყველასთვის, რომ ვახო წაიყვანა პოლიციამ. საერთო ნაცნობს დაუკავშირდნენ და იმას უთხრეს, რომ ვახო, მგონი, პოლიციელებმა წაიყვანესო.
დიქტატურაში, ალბათ, ეს არის ის უბედური შემთხვევა, როცა ადამიანს, ვისაც ეგ ინფორმაცია კრიტიკულად სჭირდება, პირდაპირ ვერ ურეკავ და ვერ ეუბნები, რომ შენი ქმარი წაიყვანეს, ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. ამ დრომდე არ ვიცი, სად არის” ,- განუცხადა თეო ბზიშვილმა TV პირველს.
ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს, დააკავეს თუ არა ვახო ფიცხელაური.








