ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, ნუცა მახარაძეს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება. ეს მუხლი პოლიციელის შეურაცხყოფასა და მისი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
“ჩვეულებრივად იდგა ტროტუარზე, ირანის საელჩოსთან. უცებ სტაცეს ხელი და წაიყვანეს”, – ამბობს ადვოკატი ნეტგაზეთთან საუბრისას.
მისი თქმით, არსებობს კადრები, რომლითაც ამის დადასტურება შესაძლებელია. ის კადრებს სასამართლო სხდომაზე წარადგენს, რომელიც დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ უნდა გაიმართოს.
გუშინ, 14 იანვარს, ირანის საელჩოსთან გაიმართა ირანელი ხალხის სოლიდარობის აქცია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა, ისე მათმა მხარდამჭერებმა.
“ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, 173-ე მუხლის დარღვევა იწვევს ჯარიმას 2000-დან 5000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. სამართალდარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 3500 ლარიდან 6000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციულ პატიმრობა კი – 7 დღიდან 60 დღემდე.
