ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციურს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

10 ნოემბერი, 2021 • 1121
სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციურს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აცხადებს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პროცედურები დაარღვია და სააკაშვილის სასამართლოში არმიყვანით უფლებამოსილებას გადაამეტა.

ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ გააცნეს სასამართლოს მოთხოვნა მისი დარბაზში მიყვანის თაობაზე და უწყებამ არ წარმოადგინა მსჯავრდადებულის პოზიცია ამასთან დაკავშირებით:

„თქვენ ამბობთ, რომ სასამართლო არ არის პოლიტიზებული, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნით. მე მაქვს ერთი შეკითხვა. საქართველოს კანონმდებლობის ერთი ნორმა მითხარით, რომელიც მისცემდა საბადრაგო სამსახურს უფლებას, სხვა საქმეზე მიმდინარე პროცესზე, სადაც არავინაა ბრალდებული, რომლის საფუძველზეც პატიმარს არ მიეცეს შესაძლებლობა, პროცესზე გამოცხადდეს. მითხარით ერთი ნორმა, რომელიც აძლევს პენიტენციურ სამსახურს უფლებას, არ ჰკითხოს პატიმარს და არ უთხრას, რომ სასამართლოშია გამოძახებული.

გიგი უგულავას საქმეს იხილავდით, მათ შორის, პატიმრობაში რომ იყო. რომ წარმოადგენდით ხოლმე თქვენს მოთხოვნას და ციხიდან გიგის პასუხს, არ გამოთქვა დასწრების სურვილიო, ხომ ასე ხსნიდით პროცესს? თქვენ პენიტენციურმა სამსახურმა ერთი წერილი წარმოგიდგინათ? არ წარმოუდგენია.

ერთი სიტყვა რომ არ თქმულა და არ მოუწერიათ და ამასთან დაკავშირებით არ გაგიჟღერებიათ… მიხელ სააკაშვილს ეს მოთხოვნა არ გააცნეს, დღეს მოვთხოვე მათ მიზეზის განმარტება, რატომ არ მოჰყავდათ აქ. მეორე – გააცნეს თუ არა მას თქვენი მოთხოვნა და მესამე — თქვენ წინაშე წარმოადგინეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია? ამ კითხვებზე არის სრული დუმილი. უნდა იწყებდეთ პენიტენციური სამსახურის მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გამოძიებას“, — ამბობს ბასილაია.

მისი თქმით, აღნიშნულით შეიზღუდა მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფლება, პენიტენციურმა სამსახურმა კი დანაშაული ჩაიდინა:

„დაცვის უფლების პირდაპირ შეზღუდვაზე ვლაპარაკობ. პენიტენციურმა სამსახურმა დანაშაული ჩაიდინა. უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქაა მოცემული, ფარსია და ეს დგინდება იმით, რომ ბრიფინგის შემდეგ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებიც არ ჩატარებულა. თუ ასეთი საფრთხეა, სუბიექტი მაინც ხომ უნდა იყოს დადგენილი? ამაზე კონკრეტული არაფერი არ არსებობს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ეს განიმარტება ბრალდებულის სასარგებლოდ რომ არასაპატიოდ არ ჩაითვალოს.

მიხეილ სააკაშვილს მე დღეს პირველად შევხვდი, ის თავისით ჩამოვიდა მეოთხიდან პირველ სართულზე, სხვა ადამიანის დახმარების გარეშე შეგვხვდა ადვოკატებს. ძალიან სუსტადაა, დაეწყო ტკივილები, მაგრამ იმას, რომ პროცესში მონაწილეობას შეძლებს, ამას ვადასტურებთ, სურვილიც აქვს. მას უნდა, აქ მოვიდეს და ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან, უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადდება. პროცედურები დაარღვია პენიტენციურმა სამსახურმა“, — ამბობს ბასილაია.


ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პენიტენზიურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი თქვა, ის სასამართლო პროცესს ვერ ესწრება.

უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც “იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით”.

“მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის სიტყვებით, “აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის”.

“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა”, — ამბობს უწყება.

სააკაშვილის ინტერესების დამცველები მოითხოვენ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასამართლო დარბაზში ჩატარდეს. თუმცა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესის გამართვას ციხის საკანში მოითხოვენ, რადგან არსებობს უსაფრთხოების რისკები.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალად ედება 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე,  წინასწარი შეთანხმებით, დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა, შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი