ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

ბოიკოტი ბენზინგასამართ სადგურებს — რატომ ძვირდება საწვავი

8 ნოემბერი, 2021 • 4878
ბოიკოტი ბენზინგასამართ სადგურებს — რატომ ძვირდება საწვავი

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ბენზინის ფასი გაიზარდა, რასაც ავტომობილთა მფლობელების ნაწილის მხრიდან პროტესტი და ნავთობპროდუქტების ზოგი იმპორტიორის წინააღმდეგ ბოიკოტი მოჰყვა.

სტატიის გამოქვეყნების მომენტში, 8 ნოემბერს, ერთი ლიტრი “რეგულარის” ტიპის საწვავის ღირებულება სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურში, საშუალოდ, 2.99-დან 3.15 ლარამდე მერყეობს, “პრემიუმი” — 3.15-დან 3.28-მდე ღირს, ხოლო “სუპერის” ღირებულება 3.26-დან 3.37-მდე ლარს შეადგენს. “სუპერის” ზოგი სახეობა 3.50 ლარიც კი ღირს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები, საშუალოდ, 0.8-1 ლარით გაძვირდა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რას უკავშირდება ბენზინის ფასის ზრდა ქვეყანაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული მატება ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდით აიხსნება.

ბოიკოტი ბენზინგასამართ სადგურებს

რამდენიმე დღეა, მძღოლების ნაწილმა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის კამპანია წამოიწყო.

ამ მიზნით 3 ნოემბერს ფეისბუკზე შექმნა ჯგუფი, სახელწოდებით „უარი საწვავის ფასებს!“, სადაც სტატიის გამოქვეყნების მომენტში, ანუ ჯგუფის  შექმნიდან 5 დღეში, 126 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრებული.

ბოიკოტის ორგანიზატორების თანახმად, ისინი საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ და კომპანიებს აიძულებენ ბოიკოტირების გზით საწვავის გაიაფებას.

„მე მომივიდა იდეა, რომ თუ რომელიმე ბენზინგასამართ სადგურს გამოვუცხადებთ ბოიკოტს, ის იძულებული იქნება , რომ ბენზინის ფასი დაწიოს. როდესაც ერთი კომპანია შეამცირებს ფასებს, შემდეგ სხვა კომპანიებს გამოვუცხადებთ ბოიკოტს. საბოლოო ჯამში, მიზანია, რომ ყველა კომპანიამ დაწიოს ფასები.

ეს არის ჩემი იდეა, რომელიც გავავრცელე ვიდეოს სახით, რომელსაც დაახლოებით 600 000 ნახვა ჰქონდა.

ვიდეოში მაგალითად მოვიყვანე „ვისოლი“, რაც ხალხმა პირდაპირ აიტაცა. აქედან დაიწყო ეს კამპანია „ვისოლით“, თუმცა რაიმე მიკერძოება არ ყოფილა, ეს იყო სიტყვის მასალა, რომელიც აიტაცა ხალხმა. შემდეგ ბენზინგასამართ სადგურს, რომელსაც ბოიკოტს გამოვუცხადებთ, ხალხი აირჩევს“, — განუცხადა ბოიკოტში ჩართულმა თენგო ლაიშვილმა ნეტგაზეთს.

ბოიკოტის მონაწილეებს სჯერათ, რომ მათი კამპანია შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

როგორ დგინდება ბენზინის ფასი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველოში საწვავის ბოლოდროინდელი გაძვირება საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდას უკავშირდება.

მისი თქმით, საწვავის ფასზე ზეგავლენის მომხდენი გარემოებებია:

„პირველი — საწვავის საერთაშორისო ფასი, მეორე — ეს არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით და მესამე არის გადასახადები.

2017 წლის შემდეგ აქციზის გადასახადი არ გაზრდილა, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი არის სტაბილური და ის არ ახდენს გავლენას ფასებზე, ხოლო საერთაშორისო ფასები, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

ერთი ბარელის ღირებულება 83-85 დოლარის დიაპაზონშია.

დღეს ნავთობის ფასი არის 2018 წლის შემდგომ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ბაზრის ფასებმა განაპირობა ადგილობრივი ფასების ზრდა, რაც აისახება, ფაქტობრივად, ყველა ოპერატორზე“, — განუცხადა ნეტგაზეთს ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობის ფასების ცვლილება 2020 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 5 ნოემბრამდე/Inter Continental Exchange Futures Europe

5 ნოემბერს ლონდონში, Inter Continental Exchange Futures Europe-ზე, (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე  82.74   დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, ერთი წლის წინ, 2020 წლის 9 ნოემბერს, კორონავირუსის პანდემიის პირველ წელს, ერთი ბარელი 44.98 დოლარი ღირდა.

ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ, გასული 3 თვის განმავლობაში, საშუალოდ, 3.09-3.16 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბენზინზე ფასების ზრდა არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიებსაც მოუწევთ, რადგან საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება იზრდება.

„საბითუმო ბაზარი განსაზღვრავს ძირითად ტენდენციებს. ამ დროისთვის საბითუმო ბაზარზე საწვავის ღირებულება არის 2.78 ლარი ლიტრზე. როდესაც ბაზარზე ასეთი მაღალი ფასებია, ლოგიკაა ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებიც დამოკიდებული არიან საბითუმო ბაზარზე, ფასების მატება მოუწევთ.

დღეს არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება არის  2.70, 2.72 ლარი, როდესაც მარაგი ამოეწურებათ, მათ მოუწევთ იყიდონ ძვირი პროდუქცია. მოლოდინები არის პესიმისტური“, — უთხრა ნეტგაზეთს მთვრალაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი