ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შეძენა 100 ათას ლარად იგეგმება

5 ნოემბერი, 2021 • 1017
ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შეძენა 100 ათას ლარად იგეგმება

საქართველოს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანააშვილის მუზეუმის რეაბილიტაცია-გაძლიერების პროექტში 100 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

შესყიდვა უკვე გამოცხადდა და შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოქვეყნა.

დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

  1. რეაბილიტაცია-გაძლირების სქემატური პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება. საანგარიშო სივრცითი მოდელის შექმნა, გაანგარიშება და ანალიზის ჩატარება;
  2. რეაბილიტაცია-გაძლირების მუშა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება;
  3. რეაბილიტაცია-გაძლირების მუშა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მიხედვით მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

გამარჯვებულ კომპანიას ამ დაკვეთის შესრულებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე აქვს, ხოლო განცხადების მიღების ბოლო თარიღი 10 ნოემბერია. ეს ნიშნავს, რომ ავარიული ძეგლის გამაგრების პროექტი დასრულებული სახით სამინისტროს, სულ მცირე, 2 თვე არ ექნება.

„სიძველისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა ეტაპობრივად. მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, მიმდინარე წელს, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, განხორციელდა შენობის კვლევითი სამუშაოები, მომზადდა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მუზეუმის შენობის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებები IV ხარისხისაა [ავტორისგან: ავარიულობის ბოლო ხარისხი], მზიდი კონსტრუქციები წინაავარიულ მდგომარეობაშია და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით მიეკუთვნება IV კატეგორიას.

მზიდი კონსტრუქციების რეაბილიტაცია-გაძლიერების საპროექტო დოკუმენტაციის დროული მომზადება და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება მნიშვნელოვანია სახელმწოფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“, — წერს სააგენტო ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ათასობით უნიკალური ნიმუშია დაცული, იქნება ეს ქართული ჭედური და ფერწერული ნახეტები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილები თუ სხვა.

„შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ზიანდება მუზეუმში დაცული უნიკალური ნიმუშები,“ — აღნიშნავს სააგენტო თავისივე წერილის ბოლოს. 


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი.

შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი