ახალი ამბები

საპატრიარქო განკვეთილ მღვდლებს ულტიმატუმს უყენებს

3 ნოემბერი, 2021 • 1555
საპატრიარქო განკვეთილ მღვდლებს ულტიმატუმს უყენებს

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ულტიმატუმს უყენებს.

საპატრიარქოსგან მიღებულ წერილში სასულიერო პირებს მიუწოდებენ, საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეწყვიტონ და დაემორჩილონ ადგილობრივ მღვდელმთავარს:

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გარანტირებული და დაცულია საეკლესიო ქონების ხელშეუხებლობა და მღვდელმსახურებისთვის ხელის შეშლის აღკვეთა.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და საეკლესიო ქონების მესაკუთრე, საქართველოს საპატრიარქო არ დაუშვებს, რომ მღვდელმსახურებას შეეშალოს ხელი და საეკლესიო ქონებით ისარგებლონ ან განკარგონ არაუფლებამოსილმა პირებმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, 2021 წლის 4 ნოემბრამდე შეწყვიტოთ საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა და დაემორჩილოთ ადგილობრივ მღვდელმთავარს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც 29 ოქტომბრითაა დათარიღებული.

საპასუხოდ, წერილის ადრესატები, 7 სასულიერო პირი აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიცია არღვევს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას და აღნიშნავენ, რომ არ შეეგუებიან ქრისტიანული მორალის და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვას და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას ეკლესიაში სამართლიანობის და სიწმინდის დასაცავად:

„საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების პირველი თავის #5(3) თანახმად, „საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებით. ასევე, #9 საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისთვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა“ ,- აცხადებენ სასულიერო პირები.

ისინი მიიჩნევენ, რომ საპატრიარქოს და ილია მეორეს, ვისი მდივანიცაა მიქაელ ბოტკოველი, არ აქვთ იმ მოთხოვნის გახმიანების უფლება, რაც წერილშია მოცემული.


7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აუკრძალათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა. თეოლოგები ამბობენ, რომ ბრძანება უკანონოა, აბსურდული და საერთოდაც, წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონებთან, რომლებზე დაყრდნობითაც თითქოს ეს ბრძანებაა გამოცემული. აღნიშნული სასულიერო პირები რჩებიან ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში.

“მონაზვნობას ვერავის წაართმევ, შეიძლება ჩამოართვა ეპისკოპოსობა, პატრიარქობა… ” – თეოლოგი

მასალების გადაბეჭდვის წესი