ახალი ამბები

სტეფანე განკვეთილ ბერებს თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს

5 ნოემბერი, 2021 • 1321
სტეფანე განკვეთილ ბერებს თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანეს განცხადებით, ეკლესიიდან მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, მათი თხოვნის მიხედვით, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს. სტეფანე ჭყონდიდთან ერთად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიასაც ხელმძღვანელობს

„ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით, მათ მივცე თავშესაფარი, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში, არამედ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში.

რახან ადგილი და თავშესაფარი არ აქვთ, კი ბატონო, მე მივცემ (თავშესაფარს) ლენტეხისა და ცაგერის ეპარქიაში.

ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან ლმობიერი. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ მე არ მაძლევდნენ საშუალებას, ეს რეალურად მათ მიმართ (გამომეჩინა)“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აეკრძალათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა.

29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან მიიღეს, მათ მოუწოდეს, რომ საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ და ადგილობრივ მღვდელმთავარს დამორჩილებოდნენ.

საპასუხოდ წერილის ადრესატები, 7 სასულიერო პირი აცხადებდა, რომ საპატრიარქოს პოზიცია არღვევს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას და აღნიშნავდნენ, რომ არ შეეგუებიან ქრისტიანული მორალის და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვას და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას ეკლესიაში სამართლიანობის და სიწმინდის დასაცავად.

დღეს, 5 ნოემბერს, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი 5-მდე სასულიერო პირი პოლიციაში “გამოკითხვაზე გადაიყვანეს”. მანამდე ადგილზე დაპირისპირება მოხდა. მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტერში, სადაც აღნიშნული სასულიერო პირები ცხოვრობდნენ, ჩოხოსნებთან ერთად მივიდა. სასულიერო პირები არ ემორჩილებიან მღვდელმთავრის განცხადებას მათი განკვეთის შესახებ და სინოდს მიმართავენ აპელაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი