საზოგადოება

ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში – 5-მდე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი

5 ნოემბერი, 2021 • 1347
ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში – 5-მდე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი

სალხინოს მამათა მონასტერში დილიდან ხმაურია. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი 5-მდე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა შსს-ში ჯერ არ აკონკრეტებენ არიან თუ არა ისინი დაკავებულები.

მამათა მონასტერში მობილიზებულია პოლიცია. სალხინოს მონასტერში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტრის ტერიტორიის დატოვებისთვის საპატრიარქოს მიერ მიცემული დრო ამოეწურათ. მათ მონასტრის დასატოვებლად საპატრიარქომ დრო 4 ნოემბრამდე მისცა, თუმცა ისინი ულტიმატუმის შესრულებაზე უარს აცხადებენ.

ერთ-ერთი ფეისბუკ გვერდი, რომელსაც აღნიშნული სასულიერო პირების მრევლის წევრები მართავენ, იუწყება, რომ ადგილზე დილიდან მივიდა მიტროპოლიტი სტეფანე “ჩოხოსნებთან ერთად” და სწორედ მათ მიჰყვა საპოლიციო ძალა. ზემოხსენებული სასულიერო პირები მიტროპოლიტს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ და მას არ ემორჩილებიან.

29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან მიიღეს, მათ მოუწოდებენ, რომ საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ და ადგილობრივ მღვდელმთავარს დამორჩილებოდნენ.

საპასუხოდ, წერილის ადრესატები, 7 სასულიერო პირი აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიცია არღვევს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას და აღნიშნავენ, რომ არ შეეგუებიან ქრისტიანული მორალის და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვას და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას ეკლესიაში სამართლიანობის და სიწმინდის დასაცავად.


7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აეკრძალათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა. თეოლოგები ამბობენ, რომ ბრძანება უკანონოა, აბსურდული და საერთოდაც, წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონებთან, რომლებზე დაყრდნობითაც თითქოს ეს ბრძანებაა გამოცემული. აღნიშნული სასულიერო პირები ამ დრომდე რჩებოდნენ ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში.

ფოტო: ფორმულა

მასალების გადაბეჭდვის წესი