ახალი ამბები

მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო

7 ნოემბერი, 2021 • 1314
მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო

მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი მონაზონი ათინოგენი ამბობს, სალხინოს მონასტერთან პოლიციამ ის ადგილობრივები დააკავა, რომლებიც მონასტერში შესვლას ცდილობდნენ.

დღეს, 7 ნოემბერს,  მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ჩაატარა, რომლის გადადგომასაც ადგილობრივი მრევლის ნაწილი ითხოვს.

„კაცი ამბობს, რომ ტაძარი იყო სავსე ადგილობრივი ადამიანებით და როდესაც ადგილობრივი ადამიანები მისულან აქ დღეს, დააპატიმრეს[…] მამა მარკოზი დააპატიმრეს და შალვა ჩხიკვაძე“, – განუცხადა ჟურნალისტებს მონაზონმა ათინოგენმა.

როგორც მოგვიანებით ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მარტვილში პოლიციამ 7 პირი დააკავა.


ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აეკრძალათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა.

29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან მიიღეს, მათ მოუწოდეს, რომ საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ და ადგილობრივ მღვდელმთავარს დამორჩილებოდნენ.

საპასუხოდ წერილის ადრესატები, 7 სასულიერო პირი აცხადებდა, რომ საპატრიარქოს პოზიცია არღვევს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას და აღნიშნავდნენ, რომ არ შეეგუებიან ქრისტიანული მორალის და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვას და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას ეკლესიაში სამართლიანობის და სიწმინდის დასაცავად.

5 ნოემბერს, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი 5-მდე სასულიერო პირი პოლიციაში “გამოკითხვაზე გადაიყვანეს”. მანამდე ადგილზე დაპირისპირება მოხდა. მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტერში, სადაც აღნიშნული სასულიერო პირები ცხოვრობდნენ, ჩოხოსნებთან ერთად მივიდა. სასულიერო პირები არ ემორჩილებიან მღვდელმთავრის განცხადებას მათი განკვეთის შესახებ და სინოდს მიმართავენ აპელაციით.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანეს განცხადებით, ეკლესიიდან მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, მათი თხოვნის მიხედვით, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს.

6 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას მრევლის ნაწილი მართავდა და  ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

სალხინოს მამათა მონასტრის ბერებს, რომელიც მონასტრიდან გამოიყვანეს, ამ დრომდე არ აძლევენ მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის და პირადი ნივთების აღების საშუალებას.  6 ნოემბრის აქციაზე ცნობილი გახდა, რომ მრევლის მიერ მიტროპოლიტის გადადგომის მოთხოვნით შეგროვდა 10 ათასი ხელმოწერა.

პოლიციამ მარტვილში, სალხინოს მონასტერთან, 7 პირი დააკავა – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი