ახალი ამბები

გვერდზე გადგომა და ბოიკოტი გამოსავალი არ არის — სამნიძე

2 ნოემბერი, 2021 • 1104
გვერდზე გადგომა და ბოიკოტი გამოსავალი არ არის — სამნიძე

საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა უნდა გააგრძელოს. ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპარლამენტო ფრაქცია — „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ — ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.

სამნიძის თქმით, მათი ფრაქციაც ითხოვს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 თვეა შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. თუმცა, მისი თქმით, გამოსავალი არ არის ბოიკოტი, მანდატებზე უარის თქმა და „გვერდზე გადგომა.

„ეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ უქმნის ძალიან კომფორტულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უნდა შევუქმნათ ძალიან მძიმე პირობები იმისთვის, რომ მათ ვერ გაბედონ იმ ტიპის უტიფარი განცხადებების გაკეთება, რაც გვესმის ყოველდღიურ რეჟიმში.

ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლის მომენტში, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ გვქონდეს სრულიად პროპორციული, დაბალი ბარიერით სისტემა, რომელზეც პასუხისმგბელობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე არის ერთი მოსმენით მიღებული. თუ ჩვენ არ მივიღეთ ეს ცვლილებები და ამის საბაბი გახდა ოპოზიციური პარტიები, მაშინ დარჩება 120/30-ზე სისტემა, რითაც „ოცნება“ გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში“, — განაცხადა სამნიძემ.

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

თუმცა, ბოიკოტის მიუხედავად, ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 2 ნოემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.


ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და სწორედ ამიტომ, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სააპრლამენტო ოპოზიციას 1 ნოემბერს პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

ენმ-ის რამდენიმე დეპუტატმა უკვე განაცხადა პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ. დეპუტატის მანდატზე უარის შესახებ საჯაროდ განაცხადეს „ლელოს“ ლიდერმა და ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი