ახალი ამბები

გონიოს საბედისწერო პოლიგონი

6 თებერვალი, 2010 •
გონიოს საბედისწერო პოლიგონი

ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში, პოლიგონებზე დატოვებული ნაღმების აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამ ფაქტების შესახებ გამოძიებას დღემდე არაფერი დაუდგენია. იურისტის შეფასებით, დაუდევრობისთვის თავდაცვის სამინისტროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.  

14 იანვარს ხელვაჩაურში, გონიოს პოლიგონზე, ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო მინას ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. ორი ბავშვი ურეხის გაუქმებულ ბაზაზე, თამაშის დროს, გასულ წელს დაიღუპა. ბაზაზე ადრე ასლან აბაშიძის სპეცრაზმი ვარჯიშობდა, ახლა ის ვისი საკუთრებაა, გაურკვეველია. დაღუპულები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები იყვნენ.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი – სალომე მახარაძე: “ფირნიში, რომელზეც ეწერა, რომ გონიოს პოლიგონი საშიშია, მოიპარეს… მაგრამ პოლიგონი, სადაც რუსი ჯარისკაცები ვარჯიშობდნენ, დაცულია _ მოძრავი პატრული აფრთხილებს ხალხს, რომ ტერიტორია დანაღმულია. ვინც გონიოში ცხოვრობს, ყველამ იცის, რომ იქ იყო სამხედრო ბაზა და ისიც იცის, თუ რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს. სამწუხაროდ, ასეთ რისკზე მიდიან ადამიანები”.
სალომე მახარაძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს გეგმა, რომელიც იმ ტერიტორიების “დასუფთავებას” ითვალისწინებს, სადაც რუსული ბაზა იყო განთავსებული. მისი ინფორმაციით, გონიოს პოლიგონი, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე გაიწმინდება.

გონიოს პოლიგონი, როცა ის რუსულ ჯარს ეკუთვნოდა, მავთულხლართით იყო შემოღობილი და იქ მოხვედრა სამოქალაქო პირს არ შეეძლო. ახლა ეს მავთულხლართი მოხსნილია. 2005 წელს, რუსული ჯარის გასვლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ პოლიგონზე არც განაღმვითი სამუშაოები ჩაუტარებია.  

ედიშერ მახარაძე –იურისტი: “გაუქმებული პოლიგონის ტერიტორიაზე თუ არის საბრძოლო მასალები ან ფეთქებადი ნივთიერებები, ის კანონით ისე უნდა იყოს დაცული, რომ ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს. თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, როცა აცხადებენ, რომ ერთი აბრა იყო გამოკიდული, გაუმართლებელია. არც მოძრავ პატრულს ევალება ამ ობიექტების დაცვა, ეს უნდა იყოს სპეციალური დაცვის ზონა, ხოლო პატრული ამ ზონაში ვერ შევა.
თუ ადამიანების უსაფრთხოება დაუცველია, ამ შემთხვევაში იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა მფლობელობაშიცაა პოლიგონი. ასეთ დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს, ვისაც ტერიტორიის დაცვა ევალება”.

ფაქტი პირველი
2010 წლის 14 იანვარს გონიოში ნუგზარ ბილვანიძე, მისი მეუღლე _ ქეთევან ბედინაძე და ძმისშვილი _ ოთხი წლის ანრი ნაღმის აფეთქების შემდეგ დაიღუპნენ. ოჯახის წევრების თქმით, ნუგზარმა ჯართი (მათ შორის ნაღმიც) პოლიგონზე შეაგროვა და შინ მიიტანა. მეორე დღეს, როცა ნუგზარი ჯართს ტომრებში ჩასალაგებლად ამზადებდა, ნაღმი აფეთქდა და სამი ადამიანი ნაფლეთებად აქცია. ნუგზარ ბილვანიძე ჯართის შეგროვებით ოჯახს რამდენიმე წელი ინახავდა.

როცა “ბათუმელები” შემთხვევის ადგილზე მივიდა, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. სახლის მახლობლად, სადაც ბომბი აფეთქდა, ადამიანების სხეულის ნაწილებს პოლიციასთან ერთად დაღუპულების ახლობლები აგროვებდნენ… გვამები პოლიციამ პროზექტურაში წაიღო. ოჯახისთვის ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს ხელვაჩაურის კრიმინალური პოლიცია, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე იმის დადგენაზე მუშაობს, თუ საიდან მოიტანეს ნაღმი.

ფაქტი მეორე
2008 წლის მიწურულს 10 წლის ლევან ლეონიძე და მისი მეგობარი საბრძოლო ვაზნის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. “ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ბავშვებმა მიწაში ჩამარხული ნაღმი აღმოაჩინეს და აფეთქდნენ. ნაღმი არ ყოფილა. ბავშვებმა იქ იპოვეს გამოუყენებელი ტანკსაწინააღმდეგო ვაზნა. აფეთქებისას ორი ბავშვი დაიღუპა. მათთან ერთად იყო მესამეც, როემლიც რამდენიმე მეტრიდან იღებდა ფოტოებს, თუ როგორ აგროვებდნენ ბავშვები ვაზნებს და როგორ თამაშობდნენ”, _ თქვა “ბათუმელებთან” ლეონიძეების ოჯახის წევრმა, თამაზ გორგილაძემ.

“ბათუმელებთან” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსასხურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ნანა ინწკირველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შედის, რამდენადაც ვიცი, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია”.

ტერიტორია, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიძლება კიდევ იყოს დარჩენილი, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა. ყოველ შემთხვევაში, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, შოთა ხიზანიშვილმა, განაცხადა: “ვერანაირი დოკუმენტი ვერ ვნახეთ, რაც დაადასტურებს, რომ ეს ტერიტორია ჩვენი საკუთრებაა. იქ ჩვენი რაზმებიც ვარჯიშობდნენ და თავდაცვის სამინისტროსიც. ვის დარჩა ეს ნაღმი და რა დროს მოხდა ეს, გაურკვეველია”.

ბათუმის პროკურორის, ავთო კილაძის განცხადებით, ურეხში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურორის ამ განცხადების შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ გარდაცვლილი ბავშვის ბებია _ ალინა ლეონიძე ამბობს, რომ გამოძიებას დღემდე არაფერი დაუდგენია.

ფაქტი მესამე

2006 წელს ნაღმზე აფეთქდა 14 წლის ვოვა ზადაროჟნი. მან ნაგავსაყარზე იპოვა “ფ1”, საბრძოლო ხელყუმბარა, რომელსაც საკუთარი საწოლის ქვეშ ინახავდა. მაშინ ვოვას ოჯახი ქობულეთში, ნაგავსაყარზე ცხოვრობდა და მათი შემოსავლის წყარო ჯართის შეგროვება იყო. ბავშვს ხელყუმბარა მაშინ აუფეთქდა, როცა მშობლები შინ არ იყვნენ.

ბილვანიძის ოჯახის გადარჩენილი წევრები
ბილვანიძის ორსართულიან სახლში სამი კომლი ცხოვრობს. სამ ძმას (ძმები დაოჯახებულნი არიან) და მშობლებს სახლი განაწილებული აქვთ. დაღუპულ ცოლ-ქმარს ორი შვილი დარჩა _ ექვსი წლის უნარშეზღუდული მანუჩარი და რვა წლის _ გია. მანუჩარი დროის უმეტესობას ეტლში ატარებს, ვერ ლაპარაკობს, ვერც დადის.

მცირეწლოვან ბავშვებზე ახლა 73 წლის ბებია ზრუნავს. ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ერთადერთი თხოვნა აქვთ: “დაწერეთ, როგორ უჭირს ამ ოჯახს და იქნებ მიწა მისცეს მთავრობამ, სახლი რომ ჩავუდგათ”.

ოჯახმა ხელვაჩაურის გამგეობას უკვე სთხოვა ობლებისთვის მიწის გამოყოფა და გამგეობამაც უკვე მოასწრო უარის თქმა.
ილია  ბედინაძე ამბობს, რომ მისი შვილი გაჭირვებას შეეწირა: “ხელვაჩაურის გამგეობის ყველა თანამდებობის პირს მივმართეთ. ერთი ქოხის ჩასადგმელი მიწა რომ მოეცათ, მშვიდად იცხოვრებდნენ… მაგრამ არ მისცეს”.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, როინ მალაყმაძე: “ბილვანიძეებმა რამდენჯერმე მიმართეს ხელვაჩაურის მიწის საკუთრების კომისიას, მაგრამ კომისიამ მათ უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდათ თვითნებურად დაკავებული მიწა. კომისია ითვალისწინებს იმას, რაც კანონის შესაბამისია. სამი ძმა ცხოვრობს, ხუთი თუ ექვსი, კანონი ამას არ ითვალისწინებს… ჩვენ თანავუგრძნობთ, რომ ოჯახში ცხოვრობს სამი კომლი, მაგრამ კანონი ასეთ ოჯახებზე მიწის გაცემას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ჩვენ ვერც მცირეწლოვან ბავშვებს დავეხმარებით”.

გია ქარცივაძე _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამ შემთხვევაში გამოსავალს ხედავს: “ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილი პოზიცია ამ ოჯახის მიმართ, მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ: მათ შეუძლიათ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში გადასცენ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” კანონისა და “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის  ¹48 დადგენილებით, ეს ოჯახი განეკუთვნება იმ კატეგორიას, ვისაც პირველ რიგში უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი”.

ერთადერთი, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ბილვანიძეების ტრაგედიის დროს შესძლო, ოჯახს სამი წევრის დასაფლავებაში დაეხმარა. როინ მალაყმაძის ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის დაღუპვისას მუნიციპალიტეტი გარდაცვლილის ოჯახს ათასი ლარით ეხმარება. ბილვანიძეებს თითო გარდაცვლილისთვის ათასი ლარი, საბოლოო ჯამში კი, სამი ათასი ლარი მისცეს.

გარდაცვლილის ნათესავები
ზინა მაკარაძე: “ძალიან უჭირდათ, ჯართის შეგროვებით ირჩენდნენ თავს. ნუგზარი ჯართს დასაშლელად უროს როცა ურტყამდა, ამ დროს ცოლი და ძმისშვილი ეზოში იყვნენ. ბომბიც ამ დარტყმის შედეგად აფეთქდა… შუქის ფული უნდა გადაეხადა, რამდენიმე თვეა უსინათლოდ ცხოვრობდნენ”.

ჯემალ კოხაძე, სიძე: “სამი ძმა ცხოვრობდა ოჯახში. გასაქანი არ აქვთ, სინათლე ჰქონდათ გამორთული, პურის ფულის ძებნაში ხან მუშად მუშაობდა, ხან ჯართს აგროვებდა. პოლიგონიდან მოჰქონდა რკინები და ჯართში აბარებდა”.
ილია  ბედინაძე, დაღუპულის მამა: “რატომ უკრძალავენ ტელევიზიებს გადაღებას ან სიმართლის ლაპარაკს? ვანდალიზმია საქართველოში. ტელევიზიებმა კი გადაიღეს, მაგრამ რაც ვილაპარაკე, ის არ გააშუქეს”.

რომან ძნელაძე, დაღუპულის მეგობარი: “თურქეთში იყო სამუშაოდ, მაგრამ ვერ გაუძლო, თავი სტკიოდა და უკან დაბრუნდა… არც მიწა ჰქონდა, რომ დაემუშავებინა, ბოსტნეული მოეყვანა”.

ნუგზარ ბილვანიძის ოჯახს კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა ჰქონდა _ ელექტროენერგიის გარეშე თითქმის ორ თვეს ცხოვრობდნენ. გარდაცვლილის მამა, ილია ბედინაძე: “ჯართი გაყიდა და იმ ფულით მრიცხველი იყიდა. მიმართა ენერგოპროს განცხადებით, მაგრამ მრიცხველი არ დაუდგეს. არავინ მიაქცია ყურადღება და სიბნელეში ცხოვრობდნენ თვეობით, მოკვდნენ და იმ დღესვე ჩაურთეს შუქი. რად უნდათ სინათლე მკვდრებს…”
“ენერგო პროს” წარმომადგენელი, გიორგი სურმავა კი ამბობს, რომ ო

ჯახმა თვითონ ითხოვა ელექტროენერგიის გათიშვა: “ოჯახს სურდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ამიტომაც ისინი ითხოვდნენ გამოგვერთო კომუნალური მრიცხველიდან, თანხა რომ არ დარიცხოდათ. მათ ჰქონდათ 80 ლარი დავალიანება. ახლა უბედური შემთხვევა მოხდა და ელექტროენერგიის მიწოდება აღვუდგინეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი