ახალი ამბები

“ოცნება” მარტვილის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს — წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი, 2021 • 1266
“ოცნება” მარტვილის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს — წინასწარი შედეგები

შენიშვნა[01.11.21]: თავდაპირველად, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მარტვილის 3 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ მეორე ტურებში  “ნაციონალური მოძრაობის”, გახარიას პარტიისა და “ევროპელი სოციალისტების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ბოლო მონაცემებით, ერთ-ერთ ოლქში არა გახარიას გუნდის, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მასალა განახლდა. 

“ცესკოს” მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნება” მარტვილის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

მეორე ტურები ქალაქის 3 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული მანდატები “ნაციონალური მოძრაობის”, “ქართული ოცნებისა” და “ევროპელი სოციალისტების” კანდიდატებმა მოიპოვეს.

მარტვილის საკრებულოში სულ 36 მანდატია — 24 პროპორციული და 12 მაჟორიტარული. პროპორციული და მაჟორიტარული შედეგებისა და გაუნაწილებელი მანდატების შეჯამებით, ძალთა ბალანსი შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:

“ქართული ოცნება” — 15 მანდატი

“ნაციონალური მოძრაობა” — 11 მანდატი

“გახარია – საქართველოსთვის” — 5 მანდატი

“ევროპელი სოციალისტები” — 4 მანდატი

“ევროპული საქართველო” — 1 მანდატი

საკრებულოსგან განსხვავებით, მარტვილის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს. “ცესკოს” თანახმად, დათვლილია უბნების 97.5%. ამ მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს, თორნიკე ჯანაშიას ხმათა 51.7% აქვს, მის კონკურენტს ენმ-დან, თეიმურაზ ჯანაშიას კი — 48.3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი