მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს ბალდის კანიონში პროტესტის მონაწილეებსა და შპს „კანიონი 350-ს“ შორის დაპირისპირება მოხდა, 3 ნოემბერს დილიდან მოძრაობამ „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ კომპანიის წარმომადგენლებისა და მუშებისთვის გზა გადაკეტა.
მოძრაობის ლიდერებს გზის გადასაკეტად ბალდის დანარჩენი მოსახლეობაც შეუერთდა. არაერთი ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა ადგილობრივებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
კომპანიის წარმომადგენელთა მანქანებმა ტერიტორია თითქმის 5 საათის შემდეგ დატოვეს ისე, რომ კანიონში შესვლა ვერ შეძლეს.
„ეს არის ჩვენი მხრიდან პასუხი იმ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაც ინვესტორმა და მისმა წარმომადგენლებმა მოგვაყენეს. დილის 9 საათიდან იქ ვართ და ხალხი გვემატება. გზა მხოლოდ ინვესტორისთვის გვაქვს გადაკეტილი. ნებისმიერ სხვა ადამიანს, ადგილობრივი იქნება, ტურისტი თუ ჩვეულებრივი გამვლელი, გავლა თავისუფლად შეუძლია“, — უთხრა ნეტგაზეთს თაზო რუხაიამ, საპროტესტო მოძრაობის წევრმა, რომელმაც წინა დღით ინვესტორი თავდასხმაში დაადანაშაულა.
რუხაიას თქმით, მოსახლეობა გაბრაზებულია და 2 ნოემბერს მომხდარ დაპირისპირებას სოფელი მათზე თავდასხმად აფასებს.
„მათი სიტყვებია, რომ მუშტი, რომელიც მე მომხვდა, მათ მოხვდათ. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენი ფეხით მივედით პოლიციაში. რა ირონიულია, ჩვენ რომ აქ გვირტყამდნენ, თბილისში ხვდებოდნენ ჩვენი მოძრაობის წევრები გაეროს წარმომადგენლებს, რომელთაც აქტივისტების მდგომარეობა აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში“, — ამბობს ნეტგაზეთთან თაზო რუხაია.
„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ მოძრაობის წევრების ნაწილი 2 ნოემბერს თბილისში უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, მერი ლოულორს შეხვდნენ. როგორც მოძრაობის წევრი მარიამ რუხაია ნეტგაზეთს ეუბნება, გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრისას ერთი საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც მარტვილში, ბალდის კანიონში მათ თანამებრძოლებს კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოუხდათ .
„გუშინდელი არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინვესტორი ფიზიკურად გვესხმის თავს. ერთი თვის წინაც იყო მსგავსი. რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ახლა კი, ჩვენი შეხვედრის ლამის პარალელურად, ჩვენი 4 წევრი დაიმარტოხელა 20-მდე ადამიანმა. ემოციური გამოვიდა ეს შეხვედრა და დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით ქალბატონ მერისგან. როგორც გვითხრა, წინასწარ მოხსენებასაც მოამზადებს“, — გვეუბნება მარიამ რუხაია.
„კანიონი 350-ის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი მერკვილაძემ ნეტგაზეთთან უარყო, რომ ბალდაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრები მან ტყუილებსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.
როგორც მოძრაობის წევრი ცოტნე თვარაძე ნეტგაზეთს ეუბნება, პროტესტის მონაწილეებს ხელთ აქვთ აუდიოჩანაწერი, სადაც კომპანიის წარმომადგენელი აღიარებს, რომ მოძრაობის წევრებს ფიზიკურად თავს დაესხნენ.
„დადის და მარიაჟობს, თან ბავშვებიც უსმენენ ამას, როგორ სცემეს ერთი კაცი, თმებით როგორ დაიჭირეს, ურტყეს, ხელში როგორ შერჩათ თმები, რომ ბევრი ითმინეს, ამ გალახვას ვიმსახურებდით და ა.შ.“ ,— ამბობს ცოტნე თვარაძე.
მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” 11 დღეა კანიონის ტერიტორიაზე გაშლილ კარავში აგრძელებს პროტესტის გამოხატვას.
შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.
პროტესტის საფუძველია, ერთი მხრივ, მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ტერიტორიის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ, მეორე მხრივ კი, ზიანი, რაც მათი შეფასებით გარემოს მიადგება კომპანიის მიერ უკვე ჩატარებული და მომავალში ჩასატარებელი სამუშაოების შედეგად.
ბალდის კანიონში შეკრებილი მოსახლეობა და მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სანამ პასუხისგებაში არ მიეცემიან პირები, ვისაც ისინი ძალადობაში ადანაშაულებენ, კანიონში კომპანიის წარმომადგენლებიდან არავის შეუშვებენ.