ახალი ამბები

ბალდის კანიონის საკითხის განსახილველად გახარიას პარტია მარტვილის მერს საკრებულოში იწვევს

2 ნოემბერი, 2023 • 1300
ბალდის კანიონის საკითხის განსახილველად გახარიას პარტია მარტვილის მერს საკრებულოში იწვევს

მარტვილის საკრებულოს ფრაქცია “საქართველოსთვის” მუნიციპალიტეტის მერს, თორნიკე ჯანაშიასა და თვითმმართველობის სხვა შესაბამისი პირებს ბალდის საკითხის განსახილველად იწვევს. ფრაქციის ინფორმაციით, მარტვილის მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში, ალექსანდრე მოწერელიამ, კანიონთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.

მოძრაობის – „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები უკვე მე-10 დღეა კანიონის ტერიტორიაზე, კარვებში ათენებენ ღამეს. ისინი ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს უპირისპირდებიან.

შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.

კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა. მოძრაობის პროტესტის საფუძველი, ერთი მხრივ, ეკოლოგიურია და გარემოზე ზიანის საკითხებს უკავშირდება. მეორე მხრივ, პროტესტის მონაწილეები ხაზს უსვამენ მოსახლეობის უგულებელყოფას იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის შედეგადაც ტერიტორია 40 წლის ვადით კომპანიას გადასცეს, რასაც “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” კანონდარღვევად აფასებს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი