ახალი ამბები

ანზორ მელია: მივმართავ „ოცნების“ კანდიდატს, მისი მერიც ვიქნები

30 ოქტომბერი, 2021 • 1698
ანზორ მელია:  მივმართავ „ოცნების“ კანდიდატს, მისი მერიც ვიქნები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, „მთავარი არხის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვებას ზეიმობს.

მელია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და პირობას აძლევს, რომ თითოეული ზუგდიდელის ოჯახის მეგობარი და მერი იქნება:

„მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, იმ სიმამაცისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც თქვენ ამ ომში გამოიჩინეთ. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები. დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად გამარჯვებისთვის.

მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, იმ თანადგომის და სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას“, – ამბობს ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.

„მთავარი არხის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ანზორ მელია 53%-ით იმარჯვებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ეგზიტპოლს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადდა, კვლევა ზუგდიდში არ ჩაუტარებიათ.

ეგზიტპოლი კომპანია Anova-მ ჩაატარა. “მთავარი არხის” თანახმად, გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს ფორმატში ჩატარდა. ცდომილება ზღვარი არის +/- 3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი