12 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 17.18% -ია, რაც 358 782 ამომრჩეველს შეადგენს.
აღნიშნული აქტივობა მცირედით განსხვავდება თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 12 საათის აქტივობისგან, მაშინ ეს რიცხვი 17.72% იყო.
ცესკოს ცნობით, ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერშია – 24.9%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ დუშეთში – 6.4%.
12 საათისთვის თბილისში ამომრჩევლთა აქტივობა 16.5%-ია. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბეში ფიქსირდება – 17.7%, ყველაზე დაბალი კვლავ ისანშია – 14.8%.
დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.