ახალი ამბები

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

27 ოქტომბერი, 2021 • 2927
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს.

დიმიტრი გორდონი კიევიდან თბილისში დღეს დილით გამოფრინდა, მაგრამ ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა ვერ მიიღო.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — წერს გორდონი.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დიმიტრი გორდონის გარდა, საქართველოში არ შემოუშვეს მისი მეუღლე ალისია ბაცმანი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც თბილისში გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ.

მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა კი ამბობს, რომ 40 წუთი შეაყოვნეს და მხოლოდ გარკვეული ზარების და მუქარის შემდეგ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება.

შსს ამ მოვლენებს ჯერ არ გამოხმაურებია.

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

დიმიტრი გორდონმა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე გორდონის ვიდეომიმართვა გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი