ახალი ამბებისამართალი

სააკაშვილის ვიდეო “იმედზე” და კითხვები პროკურატურისადმი

22 ოქტომბერი, 2021 • 4309
სააკაშვილის ვიდეო “იმედზე” და კითხვები პროკურატურისადმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ “იმედის” ეთერში გასული ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ექსპრეზიდენტი ფიგურირებს, სახელმწიფომ ტელეკომპანიას უკანონოდ მიაწოდა.

პროკურატურა აღნიშნულს უარყოფს და “ცილისწამებაზე” საუბრობს, თავად სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, “ვიდეოების გავრცელების ნაცვლად”, მისი სასამართლო პროცესი დროულად დანიშნოს.

რა ხდება ვიდეოში და რას ამბობს “იმედი”?

დაახლოებით 20-წამიანი ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ტელეკომპანია “იმედის” 20:00-საათიან გამოშვებაში 21 ოქტომბერს გავიდა.

ტელეარხის თანახმად, ვიდეო სააკაშვილმა თავად გადაიღო ტრაილერში მაშინ, როცა უკრაინიდან საქართველოში არალეგალური გზით ბრუნდებოდა.

კადრებში სააკაშვილი ამბობს:

“ეს არის მოტაცება. არ ვიცი, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს, მაგრამ სადაც მივყავართ, ეგეც არ ვიცი ბოლომდე. მაგრამ ვიდეო მაინც მაქვს თან. გამორჩათ, დამალული მქონდა კარგად”.

სქრინი “იმედის” სიუჟეტიდან

“იმედის” ჟურნალისტის სიტყვებით, ვიდეოს შინაარსი იმით აიხსნება, რომ “იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისსავე გატაცების სცენარს ამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეომასალა სააკაშვილმა თავად გადაიღო”.

როგორც ტელეარხის ეთერში თქვეს, “უცნობი ვერსია, როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა მომზადებული რამდენიმე სხვა სცენართან ერთად”.

“ვიდეო საქმის მასალებში არ დევს” — ადვოკატის პოზიცია

უცნობია, როგორ მოიპოვა “იმედმა” ვიდეო. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს თავისი ვერსია აქვს: ის შესაძლო კანონდარღვევაზე საუბრობს.

ბექა ბასილაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დაცვის მხარეს სამართლებრივად წვდომა აქვს ექსპრეზიდენტის საქმის ყველა მასალასთან. ადვოკატის თანახმად, ამ მასალებში “იმედზე” გასული ვიდეო არ ფიგურირებს.

“ამ მასალებში ჩანს, რომ ადგილიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, ამოღებულია 3 მობილური ტელეფონი. ეს 3 მობილური ტელეფონი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

ამ 3 ტელეფონიდან არაფერი ყოფილა ჩამოტვირთული. ეს ტელეფონები არ ყოფილა გახსნილი და იქიდან ინფორმაცია არანაირი ფორმით არ ყოფილა საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებული”, — დასძენს ის.

ბასილაიას მიაჩნია, რომ თუ კადრები სააკაშვილის რომელიმე ტელეფონიდან არის ამოღებული, ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებებმა დანაშაული ჩაიდინეს და კონკრეტული კადრები “იმედს” უკანონოდ გადასცეს.

“ფაქტი ერთია: ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან არისო, ხომ?

თუ მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან არის, გამოდის, რომ მათ სამართლებრივი პროცედურების მიღმა გახსნეს ეს ტელეფონი, ჩამოტვირთეს ამ ტელეფონიდან ინფორმაცია, ყოველგვარი დაოქმების, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლების გარეშე.

ამავდროულად, არ გადმოუციათ ეს მასალები დაცვის მხარისთვის და გადასცეს მათ მიერ კონტროლირებად და მათ პროპაგანდისტულ ტელეარხს.

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელშიც მონაწილეობენ შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები”, — აღნიშნავს ბასილაია.

ბექა ბასილაია

ადვოკატისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ვიდეო რომელიმე სხვა ტელეფონიდან იყოს ამოღებული და არა საგამოძიებო უწყებების ხელში არსებული 3 მობილურიდან:

“ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამათ [საგამოძიებო ორგანოებმა] კანონდარღვევით იმოქმედეს და ამის საპირისპირო უბრალოდ არის ფანტაზია.

მაშინ შეგვიძლია ასეთი რამე ვთქვათ, რომ იქნებ საერთოდ ჩხრეკის დროს მეოთხე ტელეფონიც იყო, რომელიც პოლიციას გამორჩა, მერე შევიდა “იმედის” ხელმარჯვე რეპორტიორი და იპოვა. უსაზღვრო ფანტაზიაში გადავდივართ, ამიტომ მაგ [მსჯელობაში] არც შევდივარ.

ამათ მიერ ამოღებული [ტელეფონიდან] ექნებათ გავრცელებული, სავარაუდოდ”.

ბასილაიას თქმით, კადრების ავთენტურობას არ ადასტურებს, ვინაიდან ვიდეო საქმის მასალებში არ დევს:

“ეს რომ ყოფილიყო კანონიერად მოპოვებული, გადმოცემული და ასახული, მაშინ კი ბატონო, ვიტყოდით, რომ რეალურია. მაგრამ რახან სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, ავთენტურობაზე როგორ ვიმსჯელოთ?

…ჩვენ ვითხოვთ, რომ ამაზე დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თავის თავს არ დასჯიან”.

22 ოქტომბერს, სავარაუდოდ, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებას თავად სააკაშვილიც გამოეხმაურა. მის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:

“ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, “ხელისუფლებას” ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე”.

პროკურატურა საპირისპიროს ამტკიცებს

სააკაშვილის ინტერესების დამცველებისა და სხვათა საპასუხოდ, პროკურატურამ განცხადება 22 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა.

უწყება მისდამი “ცილისწამებაზე საუბრობს” და ამბობს, რომ:

“20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე, არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას”.

უწყება ასევე დასძენს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სხვა ვიდეოჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და “თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების, როგორც მტკიცებულებების, გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა”.

საქართველოს მთავარი პროკურატურა

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა უარყოფს როგორც სააკაშვილის დაცვის მხარის ნათქვამს, რომლის თანახმადაც საქმის მასალებში ვიდეო არ დევს, ისე ვერსიას, რომ უწყებამ ზემოხსენებული კადრები თავად გადასცა ტვ “იმედს”.

“მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯებას ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას.

აქვე დავძენთ, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე, საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს.

საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“თავისთავად ცხადია, პროცესები მართვადია”

“თუ [სააკაშვილის] ტელეფონიდან არის [ვიდეო] და ეს ტელეფონი ამოღებული აქვს გამოძიებას, ლოგიკური ვარაუდი არის ის, რომ გამოძიების ორგანოებიდან მოხდა ინფორმაციის გადინება”, — ასეთია თბილისის ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილის პოზიცია.

მისი თქმით, ამაზე მეტის თქმა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, თუმცა დასძენს, რომ აღნიშნული პრობლემა საქართველოს პროკურატურისთვის ახალი ფენომენი არ არის.

მაია მწარიაშვილი

“რა პრობლემაც ჰქონდა ჩვენს პროკურატურას, ის პრობლემა აქვს [ახლაც]. ასეთი გაჟონვები სხვა არაერთ საქმეზე ყოფილა. თან მაინცდამაინც სახელისუფლებო ტელევიზიაზე რომ ხვდება [მასალა], ანუ იმის მიხედვით, ინტერესი სად არის… თავისთავად ცხადია, პროცესები მართვადია.

როგორც იყო, ისეა ახლა. ახალი აქ არაფერი ხდება, სამწუხაროდ. პროკურატურა არ არის ის, რაც უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში”, — დასძინა მწარიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მიერ  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალას წარმოადგენს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ დაიწყო ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და ვიდეოაჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

“სისხლის სამართლის საქმის მასალების მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების მავნე პრაქტიკა განხილულია საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშიც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესწავლილი აქვს არაერთი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმის საქმეების მასალები (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები და ა.შ.) პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებით, გავრცელდა საჯაროდ. სამსახურის მიერ შესწავლილ ფაქტებს შორის არის ისეთი შემთხვევები, როცა გასაჯაროებულ მასალაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს და ისეთი შემთხვევებიც, როცა სისხლის სამართლის მასალა ბრალდების მხარეს გადაცემული ჰქონდა დაცვის მხარისათვის”, — ნათქვამია განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს — საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ — ბრალდებულ(ებ)ს, ადვოკატ(ებ)ს. “ერთ სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას, ხშირად ყველა ბრალდებულისთვის ხდება სისხლის სამართლის მასალის სრულად გადაცემა, მათ შორის ისეთი დოკუმენტების გაცვლა, რომლებიც არ წარმოადგენს იმ კონკრეტული ბრალდებულის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროების პრევენციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ თავად მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება, და ასევე, ყველა იმ პირს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე.

სააკაშვილი პატიმრობაში

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, დილის საათებში, ექსპრეზიდენტმა ბათუმში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოში დაბრუნდა.

პროკურატურის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანაში მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალური გზებით.

უწყების თქმით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

სააკაშვილის გარდა, მისთვის დახმარების გაწევისა თუ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ჯამში, 4 პირია დაკავებული.

სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ესალმება მხარდამჭერებს

სანამ დაბრუნდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან მალევე, 2013 წელს დატოვა. ამის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მას წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება ედება ბრალად. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

პროკურატურამ ცომაიას ბრალი დაუმძიმა და სააკაშვილის მარშრუტი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი