ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

22 ოქტომბერი, 2021 • 1489
სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მიერ  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალას წარმოადგენს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ დაიწყო ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და ვიდეოაჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

“სისხლის სამართლის საქმის მასალების მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების მავნე პრაქტიკა განხილულია საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშიც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესწავლილი აქვს არაერთი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმის საქმეების მასალები (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები და ა.შ.) პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებით, გავრცელდა საჯაროდ. სამსახურის მიერ შესწავლილ ფაქტებს შორის არის ისეთი შემთხვევები, როცა გასაჯაროებულ მასალაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს და ისეთი შემთხვევებიც, როცა სისხლის სამართლის მასალა ბრალდების მხარეს გადაცემული ჰქონდა დაცვის მხარისათვის”, — ნათქვამია განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს — საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ — ბრალდებულ(ებ)ს, ადვოკატ(ებ)ს. ერთ სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას, ხშირად ყველა ბრალდებულისთვის ხდება სისხლის სამართლის მასალის სრულად გადაცემა, მათ შორის ისეთი დოკუმენტების გაცვლა, რომლებიც არ წარმოადგენს იმ კონკრეტული ბრალდებულის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროების პრევენციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ თავად მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება, და ასევე, ყველა იმ პირს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე.

დაახლოებით 20-წამიანი ვიდეო, რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ტელეკომპანია “იმედის” 20:00- საათიან გამოშვებაში 21 ოქტომბერს გავიდა.

ტელეარხის თანახმად, ვიდეო სააკაშვილმა თავად გადაიღო ტრაილერში მაშინ, როცა უკრაინიდან საქართველოში არალეგალური გზით ბრუნდებოდა. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ “იმედის” ეთერში გასული ვიდეო, რომელშიც ექსპრეზიდენტი ფიგურირებს, სახელმწიფომ ტელეკომპანიას უკანონოდ მიაწოდა. პროკურატურა აღნიშნულს უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი