ახალი ამბები

ცოტნე კობერიძე: ხმების მობილიზებას ზურა ჩემზე უკეთ შეძლებს

20 ოქტომბერი, 2021 • 2418
ცოტნე კობერიძე: ხმების მობილიზებას ზურა ჩემზე უკეთ შეძლებს

“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-მერობის კანდიდატად სახელდებოდა, აცხადებს, რომ პოზიცია ზურაბ ჯაფარიძეს მას შემდეგ დაუთმო, რაც სხვა პარტიების ლიდერებმა მეორე ტურში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტეს.

“ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ. ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია, ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი, ჩემზე კარგად იზამს”, — აცხადებს კობერიძე.

ის მადლობას უხდის მხარდამჭერებს, ვინც ასაკის მიუხედავად მხარი დაუჭირა.

“ბოდიში მათ, ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე; ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე. ბოდიში ასევე მედიას, რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე, რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე. ყველაფერი ის, რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია. ვიცე-მერი ვიქნები, ვიცე-პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი, მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას, რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. დღეიდან “ის გირჩელი ბავში ვიცე-მერი” აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს”, – წერს კობერიძე.

თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტში თბილისის მერის მოადგილის პოსტებს მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იკავებენ.

მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი